საქართველოდან ნუშის ექსპორტის 90%-ზე მეტი რეექსპორტია - ამის შესახებ Galt&Taggart-ის “კაკლოვანი კულტურების ბაზრის” კვლევის ანგარიშშია საუბარი. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოდან როგორც ნაჭუჭიანი, ისე ნაჭუჭგაცლილი ნუშის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია, ნედლეულის დიდი ნაწილი კი, ძირითადად, ყაზახეთში, სომხეთში და უზბეკეთში გადის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან $3.5 მლნ-ის ღირებულების ნუში გავიდა, საიდანაც $3.155 მლნ-ის ღირებულების 600 ტონაზე მეტი ნუში რეექსპორტზე, 170 ტონამდე $330 ათასის ღირებულების ნუში კი ადგილობრივი წარმოების იყო.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ექსპორტის მატება იმპორტის მატებას მოუყვება - 2023 წელს საქართველოში $5.3 მლნ-ის ღირებულების ნუში შემოვიდა, საიდანაც 83.2% ქვეყანამ აშშ-სგან შეისყიდა. იმპორტირებული ნუშის უმეტესობა ნაჭუჭგაცლილია. საქართველოში ნუშის საიმპორტო ფასები იკლებს, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო ტრენდებთან.
2023 წელს 1 კგ ნაჭუჭგაცლილი ნუშის საიმპორტო ფასი $3.56 იყო, საექსპორტო ფასი კი - $5.32.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის საქართველოში ნუშის საშუალო ნაჭუჭიანი მოსავლიანობა ჰექტარზე 0.52 ტონა იყო. შესადარისად, 2022 წელს მსოფლიოში ნუშის საშუალო მოსავლიანობა იყო 1.54 ტონა ჰექტარზე. საქართველოს დაბალი მოსავლიანობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ნერგების უმრავლესობა ახალია და ჯერ არ შესულა სრულ მსხმოიარობაში.
საქართველოში მთლიანობაში ნუშის დაახლოებით 7,500 ჰექტარია გაშენებული. ნუშის ნარგავი ფართობის ნახევარზე მეტს, 4,302 ჰექტარს მცირე ზომის, 15 ჰექტრამდე ფართობის ბაღები მოიცავს.