მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო პერიოდში, სახელმწიფო მაღალი დონის კომუნიკაციით არ გამოირჩევა" - კერძო კოლეჯების ასოციაცია

კახა ერაძე

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტ კახა ერაძეს მიაჩნია, რომ რეფორმები, რომლებიც მმართველმა პარტიამ განათლების მიმართულებით დააანონსა, კერძო სასწავლებლებთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა იგეგმებოდეს. როგორც ის "საქმიანი დილაში" სტუმრობისას აღნიშნავს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კერძო კოლეჯებსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია დიდი ხანია, არ ყოფილა.

"როცა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, ბოლო პერიოდში მთლად მაღალი დონის კომუნიკაციით არ გამოირჩევიან, სამწუხაროდ. მაგრამ მოდი, დავაბრალოთ ეს მოუცლელობას, დაფიქრებას მოსალოდნელ რეფორმებზე. მაინც მგონია, რომ კერძო პროვაიდერების გარეშე მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეფორმები არ უნდა იგეგმებოდეს, სულ ცოტა აზრი მაინც უნდა ჰკითხო, რას ფიქრობთო, მით უმეტეს როცა პროფესიული განათლების მიწოდებაში კერძო პროვაიდერები წარმოადგენენ უმრავლესობას. დღის განმავლობაში სამ-ოთხ სიახლეს ვიგებთ ყველა მიმართულებით, ცოტა ბუნდოვანება და გაურკვევლობაა.

ეს გაურკვევლობა ხარისხზე არ იმოქმედებს, რადგან ჩვენთვის ხარისხი უალტერნატივოა, გავაგრძელებთ მის გაუმჯობესებაზე მუშაობას. მაგრამ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, მეტი კომუნიკაცია და თანამშრომლობა. თუნდაც იმ ნაწილში, რომ თავს კი არ დაგვატყდეს რეფორმა მოულოდნელად, არამედ, მზად ვიქნებით.

წელიწადზე მეტია, მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა სახელმწიფო უწყებებთან. მგონია, რომ ეს ცოტა გაუგებრობაა ან კომუნიკაციის პრობლემაა და ეს გასწორდება. ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ პროფესიული განათლება ვერ შეიქმნება და არც შეიქმნება ჩვენ გარეშე. ამიტომ ჯობია ვითანამშრომლოთ და ეს სისტემას წაადგება", - განაცხადა კახა ერაძემ.

BMGTV-ის ეთერში კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომელსაც ორგანიზაცია პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს. როგორც კახა ერაძემ აღნიშნა, საქართველოში პირველად, წლის ბოლომდე კერძო კოლეჯებს მაგისტრი მასწავლებლები ეყოლებათ.

"ხარისხი არის თანამედროვე მენეჯმენტის ფუნდამენტი და ცხოვრების წესი, მით უმეტეს განათლებაში. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ევროპის განათლების ფონდთან და, ხარისხის განვითარების მიმართულებით, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ვნერგავთ როგორც კერძო, ისე საჯარო კოლეჯებისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაზიარებისთვის.

რაც შეეხება კერძო კოლეჯებს, მინდა დავაანონსო, რომ 20 დეკემბრიდან ქვეყანას ეყოლება პირველი მაგისტრი მასწავლებლები პროფესიულ განათლებაში. საუბარია არა აკადემიურ ხარისხზე, არამედ გერმანულ წოდებაზე, დამსახურებული, ღვაწლმოსილი ადამიანისთვის, რომელმაც წლები შეალია პროფესიულ განათლებას. დაახლოებით 30-მდე ადამიანს მიენიჭება ეს წოდება. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ევროპის განათლების ფონდი სთავაზობს საუკეთესო ცენტრებს მთელს ევროპაში.

მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემა, იმიტომ რომ ჩვენ შარშან დავაპილოტეთ ახალი სისტემა, როგორ დავადგინოთ ჩვენი მასწავლებლების საჭიროებები და წელს უკვე იდენტიფიცირებულ საჭიროებებიდან გამომდინარე იგეგმება მთელი ღონისძიებები. ეს არ არის მხოლოდ ტრენინგები, იქნება ვორქშოპები, თანამშრომლობითი ღონისძიებები, მათ შორის უცხოური პარტნიორი ორგანიზაციების ჩათვლით.

საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც უკვე მეორე წელია გვაქვს და გაგრძელდება, იქნება კოლეგიალური ვიზიტები, სადაც კოლეჯები ვსტუმრობთ ერთმანეთს და მნიშვნელოვან ასპექტებზე ვსაუბრობთ - წელს ეს ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ჰოლისტური შეფასებებისა, როცა თითოეული საგანი ცალ-ცალკე ფასდება, დღეს უკვე ვაპირებთ, რომ პროფესიაში ერთიანად მოხდეს შეფასების შემოტანა და სტუდენტმაც და მასწავლებელმაც დაინახოს, რომ პატარა იმპერია არაა მისი საგანი, არამედ ეს დიდი პროფესიის ნაწილია", - განაცხადა კახა ერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები