საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით გააქტიურებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკული მხარდაჭერა ქართველების დახმარებაზეა მიმართული. ამის შესახებ ელჩმა ბათუმში, განახლებული ამერიკული კუთხის გახსნაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბათუმში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა სოფლის მეურნეობის, შშმ პირების დახმარების, ახალგაზრდების განათლების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ეს პროექტები მაგალითია, თუ სად მიდის ამერიკული მხარდაჭერა.
“მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია, ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ადგილობრივი საზოგადოების დახმარებისთვის ხორციელდება. პირველი პროექტი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კოოპერატივი, რომელსაც USAID-მა გადასცა აღჭურვილობა, რომ დახმარებოდა ხილის მწარმოებლებს რეგიონში, რომ გაეტანათ პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ. ასევე ვეწვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს სერვისს ბათუმში და აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასახმარებლად. ძალიან დიდი სიამოვნება იყო კონცერტზე დასწრება, რომელიც ჩატარდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ამერიკელი გოსპელის მუსიკის ექსპერტი ჩამოვიდა საქართველოში და ქართველ მომღერლებთან ერთად ჩაატარა პოლიფონიური მუსიკის კონცერტი. ამ დილით ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმის განახლებული ამერიკული კუთხის გახსნაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ბიბლიოთეკას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მერს, ბოლო ორ წელში შენობის განახლებაზე გაწეული სამუშაოსთვის.
მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. ეს ოთხი მაგალითი, რაც ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი”,- თქვა ელჩმა.