ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს. ბორელი წერს, რომ მისთვის ამაღელვებელი იყო თბილისში გამართული აქციების ყურება.
“ქართველები გავიდნენ ქუჩებში მათი დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული ღირებულებების გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და სანახავად ამაღელვებელი.
გადაწყვეტილება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გამოხმობასთან დაკავშირებით არის კარგი ნიშანი, თუმცა, მას კონკრეტული იურიდიული ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს,”- წერს ჯოზეფ ბორელი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.