მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონის მიმართ პროტესტის ნიშნად, დიდ ბრიტანეთში მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

62c58374abcdf
გიორგი თოლორდავა
06.07.22 16:46
9174
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშეა - 48 საათში თანამდებობიდან რამდენიმე მინისტრი, მაღალჩინოსანი და, მათ შორის, კონსერვატიული პარტიის წევრიც გადადგა.

პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს: დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზინის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა და საბინაო-საზოგადოებრივი საკითხების მინისტრმა. საგულისხმოა, რომ გადადგომის ტალღა ჯერაც არ დასრულებულა და იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ საქმიანობის გაგრძელებაზე, საათობრივად იზრდება.

აწ უკვე ყოფილი მინისტრების შეფასებით, ბორის ჯონსონსა და მის მთავრობას დაკარგული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა: პატიოსნება, ღირსება, წესიერება, კანონმორჩილება და პროფესიონალიზმი.

გადამდგარი ოფიციალური პირები პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი და, ზოგადად, ბრიტანეთის მთავრობა კრიტიკის საგანი 2020 წელს მომხდარი ე.წ. ფართიგეითის სკანდალის შემდეგ გახდა. კოვიდპანდემიისა და უმკაცრესი რეგულაციების პირობებში, მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენიმე წვეულება გამართეს, სამს კი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.

საგულისხმოა, რომ მთავრობის მიერ წვეულებების ჩატარების პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში ლოკდაუნი იყო დაწესებული, სრულად იყო აკრძალული ხალხმრავალი შეკრებები და წვეულებები, ღია სივრცეში კი მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა იყო ნებადართული.

კრიტიკოსების შეფასებით, წვეულების გამართვით მთავრობის წევრებმა უხეშად დაარღვიეს რეგულაციები და ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კანონებს ასე დაუდევრად არღვევს, ქვეყნის მართვის ღირსი არ არის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბორის ჯონსონი პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების რისკის წინაშეც აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები