მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Boston Celtics-ი სარეკორდო ფასად, $6,1 მილიარდად გაიყიდება

ჩიშოლმი ბოსტონი

სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგება შეთანხმებასთან ახლოსაა. NBA-ის ერთ-ერთ უდიდეს ფრენჩაიზ Boston Celtics-ს Symphony Technology Group-ის ხელმძღვანელი უილიამ ჩიშოლმი $6,1 მილიარდად ყიდულობს. ინფორმაციას გავლენიანი ბოსტონური გამოცემა Boston Globe ავრცელებს.

კლუბის გაყიდვის შესახებ ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა ვიკ გროუსბეკმა და სტივ პალიუკამ გამოთქვეს, თანაც მაშინ “Celtics”-ი NBA-ის ჩემპიონი გახდა და ამ ფაქტმა მისი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდა.

გასხვისებისას კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც გროუსბეკი კლუბის CEO-ს პოზიციაზე 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ჩიშოლმი და მისი გუნდი სატენდერო ომში არსაიდან გამოჩნდა, თუმცა ის მასაჩუსეტსის მკვიდრი და “სელტიკსის” აქტიური მხარდამჭერია. უილიამი Symphony Technology Group-ის გარდა ასევე Cadmium-ის, CAI Software-ის, Dodge, eProductivity Software-ისა და Jobrapido-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.

“კოლეჯი ნიუ ინგლენდში დავამთავრე, ხოლო დავიბადე და გავიზარდე ჩრდილოეთ შორში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებიდან ყველა ბოსტონური კლუბის გულშემატკივარი ვარ მათ შორის “სელტიკსის. კარგად მაქვს გააზრებული თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსტონისთვის ამ ფრენჩაიზს, რაოდენ დიდ როლს ასრულებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მას სხვა ქალაქებისა და გუნდებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. ამ ორგანიზაციის ლიდერობით კარგად ვიაზრებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მენიჭება ბოსტონელი ხალხის წინაშე და მზად ვარ ამ გამოწვევისთვის” - განაცხადა უილიამ ჩიშოლმმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება სპორტის ისტორიაში სარეკორდო გარიგება. აქამდე რეკორდი 2023 წელს NFL-ის კლუბის “Washington Commanders”-ის გაყიდვის შედეგად დამყარდა, რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯოშ ჰარისმა $6,05 მილიარდად შეისყიდა.

რაც შეეხება NBA-ის კლუბებს შორის საფასო რეკორდს, ის “Phoenix Suns-ს” ეკუთვნის, რომელიც 2023 წელს მეტ იშბიამ $4 მილიარდად შეიძინა. ანუ ბოსტონური კლუბის გაყიდვით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი უმაღლესი ნიშნული $2,1 მილიარდით გაუმჯობესდება.

ახალი მფლობელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, განსაკუთრებით ჩემპიონობის პრეტენდენტი გუნდისთვის, არის პერსონალის გადასახადები, რომელიც როგორც წესი მოქმედ ჩემპიონ გუნდებს ერთ-ერთი უმაღლესი აქვთ და ის ნახევარ მილიარდს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ვიკ გროუსბეკმა “Boston Celtics”-ი 2002 წელს $360 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ ფრენჩაიზი 4-ჯერ იყო სუპერფინალში და ორჯერ შეძლო ტიტულის მოპოვება, რის შედეგადაც ამჟამინდელი მფლობელი მას დაახლოებით 20-ჯერ უფრო ძვირად გაყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები