აზერბაიჯანული სააგენტოს APA-ს ინფორმაციით, ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ოპერატორობას BP-ი Socar-ს გადასცემს. ამით BP-ი დაასრულებს საქართველოზე გამავალი ორი მილსადენის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობას.
სააგენტოს ცნობით, მილსადენის ოპერატორობას SOCAR-ი BTC-ის სამივე მონაკვეთზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში შეასრულებს. განსხვავებით ბაქო-სუფსისგან, რომლის ქართული მონაკვეთის ოპერატორობაც საქართველოს მთავრობას BP-მ 2026 წლის ივნისიდან გადასცა.
„ძალიან ვამაყობთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვიყავით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორი და უზრუნველვყოფდით მის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან მუშაობას სამივე ტრანზიტულ ქვეყანაში. მთელი ამ დროის განმავლობაში BTC აძლიერებდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როგორც ნავთობის საიმედო საექსპორტო მარშრუტი მსოფლიო ბაზრებზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ SOCAR გააგრძელებს ასეთივე მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას. როგორც BTC და SCP (სამხრეთ კავკასიის მილსადენი) აქციონერები, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო და გრძელვადიან პარტნიორობას SOCAR-თან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან“, - განაცხადა BP-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა კასპიის და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯიო კრისტოფოლიმ.
BP-ის კვარტალური ანგარიში აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა შემცირდა. კერძოდ, პირველი კვარტალის განმავლობაში, დაახლოებით 49 მილიონი ბარელი (6 მლნ ტონა) ნედლი ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 5 მლნ ბარელით შემცირებული მაჩვენებელია.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).
დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).




























