ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის თქმით, ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, სიმართლეს არ შეესაბამება. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და სრულად სცემს პატივს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და შესრულება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ბირთვია. ამ ღირებულებებს და ვალდებულებებს იზიარებს როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი და ამ კონტექსტში, ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციულ დაცვას“, - აღნიშნა მარკუს ლამერტმა.
ცნობისთვის, ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტირება "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია იმ ფონზე, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" სადავო კანონი ერთ-ერთია, რომლის გაუქმებასაც ევროკავშირი ითხოვს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების პროცესში.




























