მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილია და არგენტინა საერთო ვალუტის შექმნას გეგმავენ

63ce55707c4d0
გიორგი თოლორდავა
23.01.23 14:20
992
ბრაზილიისა და არგენტინის მთავრობები ერთიანი ფინანსური სისტემის შემუშავებას და საერთო ვალუტის შექმნას გეგმავენ.

ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო სილვასა და არგენტინის ლიდერ ალბერტო ფერნანდესის ოფიციალურ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სახელმწიფოებს შორის არსებული სავაჭრო ბარიერების შემცირება და ერთიანი სავალუტო სისტემის შემოღება, რომელიც ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციას გააუმჯობესებს.

ქვეყნების ფინანსთა სამინისტროების შეფასებით, საერთო ვალუტა თავდაპირველად მხოლოდ ბრაზილიასა და არგენტინაში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მისი უპირატესობების გამომჟღავნებასთან ერთად, ერთიან სავალუტო სისტემაში შესვლით სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც დაინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში ლათინური ამერიკის ქვეყნებში ევროზონის ანალოგი სისტემა ჩამოყალიბდეს.

პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საერთო ვალუტასთან ერთად შეიქმნება ციფრული ვალუტაც (CBDC), რომელიც, რა თქმა უნდა, ცენტრალური ბანკის მიერ იქნება გამოშვებული და რეგულირებული, ისევე როგორც ეს ევროს შემთხვევაშია.

ბრაზილიისა და არგენტინის აღნიშნული პროექტით დაინტერესება სავალუტო ბირჟაზე არსებული მაღალი ვოლატილობითაა განპირობებული, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ტრანზაქციებს აფერხებს. აგრეთვე გასათვალისწინებელია სამხრეთ ამერიკის რეგიონში აშშ დოლარის დომინანტური როლიც, რომლის შემცირებასაც რეგიონის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები