2022 და 2023 წლები ტექსტილი მწარმოებლებისთვის გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა. მათი თქმით, მსოფლიო მასშტაბით ტანსაცმელზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე საერთაშორისო ბრენდებმა ბიზნეს პროცესები გადაალაგეს და აქცენტი შედარებით ბიუჯეტურ საწარმოებზე გააკეთეს.
სამკერვალო კომპანია “იმერი”-ის დირექტორი მაია სიმონიძე ამბობს, რომ საქართველოში გაძვირებული მუშახელისა და ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების გამო საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში არსებულ სამკერვალო კომპანიებთან თანამშრომლობა აღარ უღირთ, შესაბამისად, ინაცვლებენ ისეთ ბაზრებზე, სადაც წარმოება და ტრანსპორტირება უფრო იაფია.
“2022 და 2023 რთული წლები იყო. ტექსტილის დარგზე იმოქმედა იმოქმედა მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ. ტანსაცმლის გაყიდვები შემცირდა იმ კომპანიებისთვის, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობდით. მაგალითად 2022 წელს ვმუშაობდით გერმანულ კომპანიასთან, რომელმაც საერთოდ შეწყვიტა ჩვენთან მუშაობა, იმის გამო რომ გაყიდვები შეუმცირდა. გაიზარდა ჩვენს ბაზარზე ხელფასები, გაიზარდა ტრანსპორტის ღირებულება და შესაბამისად, მათ აღარ უღირდათ ჩვენთვის შეკვეთის მოცემა.
ჩვენ მხოლოდ ტანსაცმელს ვკერავთ, რომელიც იგზავნება დამკვეთთან და გადახდა ხდება შეკერვის შემდეგ. 2022 წლის შემდეგ ეს კომპანია იტალიური კომპანიით ჩანაცვლდა, მაგრამ მათაც შეექმნათ გაყიდვების პრობლემა და ამის გამო მათ ისევ ამჯობინეს იმ შეკვეთების განახლება, რომელიც უფრო იაფი უჯდებათ, ევროპის ქვეყნებში არსებულ ფაბრიკებში. ასევე გადაინაცვლეს აფრიკის კონტინენტზე, სადაც მუშახელი უფრო იაფია, ასევე იაფია ტრანსპორტირებაც. აქედან გამომდინარე სერიოზული შიმშილია არის დამკვეთების და სერიოზული პრობლემების წინაშე დავდექით.
ახლა ვართ ახალი დამკვეთების ძიებაში და ვნახოთ როგორი იქნება 2024 წელი,”- ამბობს სამკერვალო კომპანია “იმერი”-ის დირექტორი მაია სიმონიძე.