ტრანსპორტირების მაღალი ხარჯი და ნედლეულის დეფიციტი - ეს ის ორი ძირითადი პრობლემაა, რაზეც ტექსტილის მწარმოებლები საუბრობენ. კომპანია "მატერიალ თბილისის" საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარგის მიმართ საერთაშორისო ბაზრიდან მოთხოვნა მოდის, თუმცა ადგილობრივ მწარმოებლებს მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ.
მისი თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ტექსტილის ექსპორტისას ტრანსპორტირების მაღალი ხარჯებია, რასაც ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის ნაკლებობა ემატება. ანა ვეფხვაძის თქმით, ისინი წარმოებისას იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ, რაც კიდევ უფრო აძვირებს პროდუქციის საბოლოო ფასს, რაც ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის.
“ძალიან დიდ პრობლემად და გამოწვევად რჩება არამხოლოდ ცოდნის და ცნობიერების ამაღლება და მუშახელი, ასევე საერთაშორისო გადაზიდვები, ძალიან მაღალია ექსპორტის ხარჯები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც ვეჯახებით თითოეული კომპანია. არის სხვადასხვა ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები მიმღებ ქვეყანასთან, რაც ამარტივებს და უფრო ბიუჯეტურს ხდის ექსპორტს, თუმცა გზავნილის ღირებულება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ამასთანავე შეიძლება ვახსენოთ ქსოვილზე და ზოგადად ნედლეულ მასალებზე ფასნამატი, რაც პოსტკოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე პატარ-პატარა ლოკალური მაღაზიების გარდა ქსოვილისა და ფურნიტურის შეძენა ფაქტობრივად შესაძლებელია არ არის. ჩვენს შემთხვევაში კომპანია "მატერიალ თბილისი" საკმაოდ მასიურ რაოდენობასთან არის დაკავშირებული წარმოება და გვჭირდება დიდი რაოდენობით ტექსტილი და ფურნიტურა, რაც იმპორტთანაა დაკავშირებული.
შესაბამისად ამ ნედლეული ფასი, იმპორტის და წარმოების ფასი, რომელსაც ემატება ექსპორტის ხარჯი, რაც ამ მომსახურებას იმდენად ძვირად ღირებულს ხდის, რომ პროდუქციის ფასი იზრდება, რაც ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უშლის ხელს”, - ამბობს “მატერიალ თბილისის” საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი ანა ვეფხვაძე.