მარკეტერი და Roamingo-ს თანადამფუძნებელი, დავით ბირმანი, BMGDrive-ის ეთერში კომპანიისთვის ბრენდად ქცევაში მომხმარებელთან კავშირის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკუკავშირის გათვალისწინების გარეშე, კომპანია ბრენდად ვერ ჩამოყალიბდება.
"მომხმარებლის მოსმენა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ სხვანაირად ბრენდი ვერც გახდები, იქნება უბრალოდ სავაჭრო ნიშნის სახელი. ბრენდი ვერ გახდები, თუ მომხმარებელთან ახლო კავშირი არ გაქვს.
ის საერთაშორისო ბრენდებიც, რომლებიც მომხმარებლებს არ უსმენენ, წარმავალი ბრენდების სიაში არიან, ვიხსენებთ, რა კარგები იყვნენ ადრე და რა ცუდები არიან ახლა. დიდ კომპანიებს ემართებათ ასე, საკუთარ წვენში იხარშებიან და მომხმარებელთან კავშირს კარგავენ. სჯერათ, რომ მხოლოდ თვითონ იციან, რა არის პროდუქტისთვის უკეთესი", - ამბობს ბირმანი.
ბირმანმა წარმატებული ბრენდ-სტრატეგიის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მნიშვნელოვანია, კომპანია მზად იყოს სააგენტოებისგან ბრენდინგის მისაღებად და სტრატეგიის აღსასრულებლად.
"საქართველო მოდისკენ მიდრეკილი ქვეყანაა. სადღაც 10-15 წლის წინ, კომპანიებს ჰქონდათ კარგად აწყობილი საქმიანობა, მაგრამ ვიზუალური იდენტობა საერთოდ არ გააჩნდათ. შემდეგ მოდაში შემოვიდა და ყველამ მოინდომა Brandbook-ების შექმნა. ახლა მოდაში სტრატეგიული ბრენდინგი შემოვიდა და, ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ მისი აღსრულებაც შემოვა მოდაში.
თუმცა გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, სადაც სტრატეგიის აღსრულებაც ხდება და ამაზე არა მხოლოდ "სტეიკჰოლდერები" თანხმდებიან, არამედ საზოგადოებაც. ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი დოზით შრომა ჩაიდო წინასწარ, რადგან ხალმა, ვისაც ბრენდის იდენტობა უნდა ეტარებინათ, თავი არ დაზოგეს. თუ კომპანიას ჰყავს ჩართული თანამშრომლები, რომლებმაც იციან, რატომ შეუკვეთეს სააგენტოს ესა თუ ის ვიზუალიზაცია, ბრენდინგი თუ სტრატეგია, თუ კლიენტს აქვს შესაბამისი მზაობა, კომპეტენცია და გამოცდილება, ბრენდინგი აუცილებლად იქნება წარმატებული, რადგან ენერგიას ორივე მხარე დებს პროდუქტში", - აღნიშნავს დავით ბირმანი.
მარკეტერმა BMG-ის ეთერში წარმატებული ბრენდინგის მაგალითების განხილვისას, საქართველოს ეროვნული ნაკრების კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სლოგანის - "მე ვარ საქართველო" - წარმატება მასში ჩადებულმა იდეამ განაპირობა: "იდეა იმაშია, რომ არ დაელოდო, როდის აიღებს პასუხისმგებლობას სხვა და თავად აიღო ეს პასუხისმგებლობა".