გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიიღო გადაწყვეტილება, ნება დართოს ამერიკულ ძალებს, გამოიყენონ ბრიტანული სამხედრო ბაზები ირანული ობიექტების დასაბომბად. საუბარია გლოსტერშირში მდებარე Fairford-ის ავიაბაზასა და დიეგო გარსიას პლატფორმაზე.
დაუნინგ სტრიტის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი „კოლექტიური თავდაცვის“ პრინციპს ეფუძნება და მიზნად ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების აღდგენას ისახავს. ცნობისთვის, აქამდე ლონდონი ვაშინგტონს ბაზების გამოყენების უფლებას მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციებისთვის აძლევდა, თუმცა სამხედრო კამპანიის გაფართოება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირანულმა მხარემ სავაჭრო გემებზე იერიშები გაახშირა.
როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას ერთობლივი ბაზის მიმართულებით ირანის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვება, რომელთაგან ერთი ჰაერშივე დაიშალა, მეორე კი ამერიკულმა ხომალდმა გაანადგურა. ოფიციალურმა თეირანმა ბრიტანეთის ქმედებას „აგრესიაში მონაწილეობა“ უწოდა და ლონდონი ქვეყანაში დარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქეების საფრთხის ქვეშ ჩაყენებაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მოიწონა, თუმცა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის რეაქცია დაგვიანებული იყო. რაც შეეხებათ დანარჩენ მოკავშირეებს, მათ ჰორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციაში მონაწილეობისაგან თავის შეკავების გამო პრეზიდენტმა “ლაჩრები” უწოდა.
შეგახსენებთ, ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეს დღეში საშუალოდ 138 ხომალდი კვეთდა, მარტის დასაწყისიდან კი მათმა რაოდენობა, უხეში დათვლით, 95%-ით შემცირდა, ეს კი გლობალურ ენერგობაზარზე მძიმედ აისახა.




























