2021 წლის იანვრის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის ექსპორტი ევროკავშირში 40%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტმა - 28.8%-ით იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მსგავსი ვარდნა დიდ ბრიტანეთს 1997 წლის შემდეგ არ ახსოვს.
სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა იანვარში 2.9%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში დაწესებულ მესამე ლოქდაუნს უკავშირდება. ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ჯამში 9%-ით არის შემცირებული.
2021 წლის იანვარში, დიდი ბრიტანეთიდან 5.6 მილიარდი გირვანქა სტერლინიგით ნაკლები ღირებულების საქონელის ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 6.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგით იკლო.
ეროვნული სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, კლება ფიქსირდება შემდეგ სასაქონლო ჯგუფებში: ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, მედიკამენტები, ფარმაცევტული პროდუქტები და ქიმიური ნივთიერებები.




























