ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება, რომელიც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია, რომელსაც დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა.
42 წლის ფინანსისტი 2019-დან 2022 წლამდე ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, პარლამენტის წევრი კი ის 2015 წლიდან გახდა, თუმცა სუნაკის ქონების წყარო არა მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, არამედ საინვესტიციო საქმიანობაა.
ხაზგასასმელია, რომ სუნაკი საკმაოდ მდიდარი ოჯახის შთამომავალია, მისი მშობლები სამედიცინო-ფარმაცევტულ ბიზნესში იყვნენ, თავად სუნაკი კი ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლობდა. სტენფორდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული 2015 წლამდე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში მუშაობდა, რომლის წყალობითაც სუნაკმა მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება მოახერხა.
მიუხედავად სუნაკის გამორჩეული საინვესტიციო-საფინანსო საქმიანობისა, მისი ქონების რეალური წყარო უაღრესად წარმატებული ქორწინებაა. 2009 წელს სუნაკმა ინდოელი მილიარდერი მეწარმის, ნარაიანა მურთის ქალიშვილზე, აქშატა მურთიზე იქორწინა.
ნარაიანა მურთი მრავალპროფილური ინდური ტექნოლოგიური კომპანიის, Infosys-ის დამფუძნებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 78 მილიარდ დოლარს აღწევს. Forbes-ის შეფასებით, თავად მურთის ქონება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სუნაკის მეუღლე, აქშატა მურთი კომპანია Infosys-ის აქციების 0.93%-ს ფლობს, უშუალოდ მისი ქონების შეფასება კი 715 მილიონ დოლარს შეადგენს, საერთო ჯამში, სუნაკი და მისი მეუღლე $810-მილიონიან ქონებას ფლობენ.
Forbes-ის შეფასებით, რიში სუნაკი ბრიტანეთის ამჟამინდელ მონარქზე უფრო მდიდარია, რადგან მეფე ჩარლზ III-ის პირადი ქონება სულ რაღაც 500 მილიონ დოლარს შეადგენს, სუნაკისა და მისი მეუღლის კი - $810 მილიონს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით სუნაკის თანამდებობის წლიური სარგო 95,000 დოლარიდან 185,000 დოლარამდე გაიზრდება, თუმცა საკითხავია, რამდენად აღელვებს ეს მეფეზე მდიდარ პრემიერს.