ბრიტანეთის მუზეუმმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მუზეუმია, გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულება მიიღო და შედეგად, ჩინურენოვანი სამყაროს მიღმა ჩინური კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე დიდი კერა შეიქმნა.
გამოჩენილი ბრიტანული ფინანსისტის, სერ პერსივალ დეივიდის მიერ 1952 წელს დაფუძნებულმა ფონდმა ბრიტანეთის მუზეუმს ერთ მილიარდ დოლარად შეფასებული ჩინური ფაიფურის კოლექცია გადასცა, რომელიც მე-3-დან მე-20 საუკუნეების ჩათვლით წარმოებული სხვადასხვა ტიპის კერამიკულ ნაკეთობებს მოიცავს.
სერ პერსივალ დეივიდი, რომელიც 1892 წელს ინდოეთში დაიბადა, საკმაოდ მდიდარი ფინანსისტი იყო, რომელიც, უმეტესწილად, საკუთარი გატაცებით — კერამიკული ნაწარმის შეგროვებით არის ცნობილი. ეს საქმიანობა პერსივალ დეივიდისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დღეს, მის კოლექციაში ათასობით ეგზემპლარმა მოიყარა თავი, რომელთა დიდი ნაწილი ჩინური კულტურის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული კოლექციის მიღების შემდეგ, ბრიტანეთის მუზეუმის ჩინური კერამიკის კოლექციაში არსებული ეგზემპლარების რაოდენობა 10,000-მდე გაიზარდა.
მუზეუმების არსებობისთვის დონაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მუზეუმი, თავისი არსით, კომერციული ბუნების არ არის. მუზეუმების მიერ მიღებულ მასშტაბურ შემოწირულებებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმი", რომელმაც ბიზნესმენ ჯერი პერენჩიოსგან $500 მილიონად შეფასებული კოლექცია მიიღო, რომელშიც პოლ სეზანის, ედგარ დეგას და პაბლო პიკასოს ნამუშევრებს ვხვდებით.