მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთში პირველი კერძო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

Almaty Museum of Arts (ALMA)
06.10.25 00:35
515

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმაატიში პირველი კერძო ხელოვნების მუზეუმი - Almaty Museum of Arts (ALMA) გაიხსნა.

9400 კვადრატულ მეტრზე გაშლილი სამუზეუმო სივრცე ბრიტანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Chapman Taylor-მა დააპროექტა. მუზეუმში მისი დამაარსებლის, ბიზნესმენ ნურლან სმაგულოვის პირადი კოლექციის ნაწილი, 700-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევარია გამოფენილი. მუზეუმი განლაგებულია ალმაატის ახალ კულტურულ რაიონში, ბილეთის ფასი 2000 ტენგეა, რაც დაახლოებით 10 ლარს უდრის.

მუზეუმის შემოქმედებითი ხელმძღვანელის მერუარტ კალიევას და მთავარი კურატორის ინგა ლაცეს ორგანიზებული პერმანენტული კოლექცია მოიცავს სხვადასხვა ჯგუფურ და სოლო გამოფენებს, კოლაბორაციებს და კვლევით პროექტებს.

მუზეუმის გარეთ, ღია ცის ქვეშ განთავსებული დასავლელი ხელოვანების სკულპტურები, მნახველს ეპატიჟება მუზეუმში. საგამოფენო სივრცის მეორე სართულზე კი გერმანელი ანსელმ კაიფერის, ცნობილი იაპონელი ხელოვანის იაოი კუსამას და სხვების დიდი ზომის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გამოფენა სახელწოდებით Qonaqtar-ი, რაც ყაზახურ ენაზე “სტუმრებს” ნიშნავს, გასული საუკუნის სტუმართმოყვარეობის, მიგრაციისა და პოლიტიკურ დაძაბულობის თემებს ასახავს ცენტრალურ აზიაში, ასევე, მოიცავს საბჭოთა ეპოქას, 1960-70-იან წლებში ყაზახური ხელოვნების ოქროს პერიოდს და უახლეს პოსტ-კოლონიუალურ ბუმს.

Still Life with Flatbread
თოკბოლატ თოგიზბაევი

1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, ყაზახეთმა მასობრივი შიმშილი გადაიტანა, მომთაბარე ცხოვრების წესის შესაცვლელად მოსახლეობას ჩამოერთვა საქონელი და მარცვლეული, რის შედეგადაც მათი მესამედი დაიღუპა. მომხდარმა რადიკალურად შეცვალა სტუმართმოყვარეობის წარმოდგენა ხალხში, რაც ყაზახურ ხელოვნებაში მკაფიოდაა ასახული. თოკბოლატ თოგიზბაევის ტილოზე სახელწოდებით „Still Life with Flatbread“ (1989) გამოსახულია სტუმრისთვის გაშლილი სუფრა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე ნატეხი პური და კიტრია გამოსახული.


Shepherd’s Feast (1965)

აიშა გალიმბაევა

გამოფენის ერთ-ერთი პირველი ნახატი აიშა გალიმბაევას Shepherd’s Feast (1965), (ყაზახეთის პირველი კლასიკური განათლების მქონე ქალი მხატვარი), პასტორალური სცენაა, რაც კომენტარია საბჭოთა რეჟიმის მიერ ეროვნული ტრადიციების და ცხოვრების სტილის ეროზიაზე, რომელიც ადგილობრივი კულტურის ფსევდო-ზეიმობის ფონზე მიმდინარეობდა.

“საბჭოთა კავშირი “რთული” იყო იმ დროს, პოლიტიკური ნაციონალიზმი მიუღებელი იყო, თუმცა მიესალმებოდნენ ყველა ერის კულტურას. ამიტომაც ზოგმა ტრადიციამ სახე იცვალა, ხალხს უფლება ჰქონდა, ჰქონოდა ფოლკლორი, თუმცა არაპოლიტიკური ფორმით”, - განმარტა მთავარმა კურატორმა ინგა ლაცემ.

მუზეუმის მთავარი მიზანი გამოფენილი ხელოვანების პოპულარიზაციაა, „ცენტრალური აზიისთვის ეს ლამაზი მომენტია, ეს მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების გლობალური სივრცის ნაწილი ხდება” - აღნიშნა ლაცემ და დასძინა, რომ “ვიმედოვნებთ, ALMA შესთავაზებს დამთვალიერებელს სიახლეს და გააუმჯობესებს შემოქმედებით ეკონომიკას.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები