მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვრამდე დატოვებს

5df363aaa2af7
ოთარ დგებუაძე
13.12.19 14:10
1460
გუშინ, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბორის ჯონსონის ლიდერობით კონსერვატორულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მომავალ პარლამენტში 650-დან 364 ადგილს დაიკავებს.

წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით კონსერვატორებმა 47-ით მეტი მანდატი მოიპოვეს რაც მათ საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს. მსგავსი უმრავლესობით გამარჯვებისთვის კონსერვატორებს 1935 წლის შემდეგ არ მიუღწევიათ. მეორე ადგილზე გასულმა ლეიბორისტულმა პარტიამ 59 ადგილი დაკარგა.

კონსერვატორული პარტიის ლიდერმა და პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მის ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა და მას ევროკავშირისთვის ბრექსიტის ვადის გადაწევის თხოვნით მიმართვა მოუწია.

ამჯერად ბრექსიტის ვადად 2020 წლის 31 იანვარია განსაზღვრული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი საპარლამენტო უმრავლესობით ბორის ჯონსონი მოიპოვებს პარლამენტის თანხმობას ბრექსიტის შეთანხმებაზე და ბრიტანეთი საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP) შოტლანდიის 59 მანდატიდან 55 მოიპოვა, რაც უპრეცედენტო მიღწევაა პარტიისთვის. ამ შედეგების შემდეგ კვლავ გააქტიურდა საუბრები შოტლანდიის დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის შესახებ, ვინაიდან შოტლანდიამ ბრექსიტის რეფერენდუმში ცალსახად ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები