დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ვიდეო თამაშების ინდუსტრიის უმსხვილესი გარიგების დადასტურების გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ დღეს, მარეგულირებელმა Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის $69-მილიარდიან გარიგებას მწვანე შუქი აუნთო.
მარეგულირებლის განმარტებით, გარიგება აღარ არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და კომპანია Microsoft-ი იძლევა იმის პირობას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სხვა კომპანიების პლატფორმები შეუფერხებლად შეძლებენ Activision-Blizzard-ის თამაშებით სარგებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ამ შემთხვევაში PlayStation-ზე Call of Duty-ს გაშვებას უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშია.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ბრიტანულმა მარეგულირებელმა ეს გარიგება თავად დაბლოკა. უწყების განმარტებით, Microsoft-ის შესყიდვის პოლიტიკა ზღუდავდა კონკურენციას და ბაზარზე მონოპოლიის განვითარებას უწყობდა ხელს. თუმცა მას შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობა და შესყიდვის პირობებიც შეიცვალა. ახლა უკვე მარეგულირებელი აცხადებს, რომ Microsoft-მა ყველა შენიშვნა გაითვალისწინა და სადავო საკითხებიც უკვე მოგვარებულია.
Microsoft-ს ახლა უკვე აქვს ნებართვა, გარიგება სისრულეში მოიყვანოს და Activision-ის 100%-იანი წილი 69 მილიარდ დოლარად შეიძინოს. ამ გარიგებით Microsoft-ის გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.