მსოფლიოს უდიდესმა ოფშორულმა ქარის ელექტროსადგურმა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანული იორკშირის სანაპიროსთან ახლოს გააშენეს, ელექტროენერგია პირველად გამოიმუშავა. Dogger Bank-ის ქარის ფერმაში დაგეგმილი 277 ტურბინიდან მხოლოდ ერთია აშენებული, რომელიც მსოფლიოში ცნობილ უმაღლეს ეშმაკის ბორბალს - ლონდონის თვალს - სიმაღლეში ორჯერ აღემატება.
ოფშორული სადგური გაერთიანებული სამეფოს ნაციონალურ ქსელში 7 ოქტომბერს ჩაერთო და განახლებად ენერგიას ოჯახებისა და ორგანიზაციებისთვის მას შემდეგ გამოიმუშავებს. სრული დატვირთვით მუშაობისას ქარის ფერმა ბრიტანეთის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 5%-ს დააკმაყოფილებს.
ქარის ტურბინის 107-მეტრიანი ფრთების ერთი სრული ბრუნი სუფთა ენერგიის იმ რაოდენობას გამოიმუშავებს, რასაც ერთი ჩვეულებრივი სახლი 48 საათის განმავლობაში ხარჯავს. პროექტის დასრულების შემდეგ Dogger Bank-ს რეკორდული, 3.6-გიგავატიანი დადგმული მოცულობა იქნება, რაც 2.5-ჯერ აღემატება ამჟამინდელ უდიდეს ფერმას, 165 ტურბინისგან შემდგარ Hornsea 2-ს, რომელიც ასევე ინგლისში მდებარეობს.
გარდა ამისა, ახალი ფერმა სუფთა ენერგიით ყოველწლიურად 6 მილიონ სახლს მოამარაგებს, რაც CO2-ის ემისიების შემცირებით მაგისტრალებიდან 1.5 მილიონი ავტომობილის გაქრობის ეკვივალენტურია.
პროექტი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროდან 130 კილომეტრში შენდება და სამ ფაზაში დასრულდება. მეგაპროექტი 400 სამუშაო ადგილს ქმნის და ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ქარის ფერმა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის დასრულდება.