დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group-ი განახორციელებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კამპანიას ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დეგუსტაცია-სემინარები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე 220 749 ფუნტს (804 056 ლარი) დახარჯავს. სააგენტომ ტენდერის გარეშე, სარეკლამო-მარკეტინგული მომსახურების მისაღებად უკვე გაუფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება SWIRL WINE GROUP LTD-ის.
"დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „Swirl Wine Group“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს", - წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ორი თვის მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ბრიტანეთში ღვინის ექსპორტს შემცირების ტენდენცია აქვს. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაერთიანებულ სამეფოში 125 000 აშშ დოლარის 18 162 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში - 198 000 აშშ დოლარი და 39 353 ლიტრი იყო, წინა წლებში კი უფრო მეტი.
ბრიტანეთში ღვინის ექსპორტის კლება წლიურადაც დაფიქსირდა. გასულ 2025 წელს ამ ქვეყანაში 1,7 მლნ აშშ დოლარის 327 707 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, 2024 წელს კი - 1,8 მლნ აშშ დოლარის 425 639 ლიტრი. თუმცა გაიზარდა საშუალო საექსპორტო ფასი ლიტრზე 4,3 აშშ დოლარიდან 5,1 აშშ დოლარამდე.




























