პრუდენციული რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ახალი რეგულაციები შეეხება როგორც ტრადიციულ კრიპტოვალუტებს, ასევე მათ სტაბილურ ვარიაციებს, ე.წ. „სტეიბლკოინებს“, რომელთა ყოველდღიურმა გამოყენებამ, შესაძლოა, ფინანსური სისტემა დამატებითი რისკის ქვეშ დააყენოს. როგორც ვიკი საპორტას გამოსვლიდან ვიგებთ, რეგულაცია, უმეტესწილად, შეეხება კომპანიების ლიკვიდურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც პრუდენციული რეგულირების სააგენტო ავითარებს, უწყების თქმით, თანხვედრაში იქნება სხვა სექტორებში არსებულ წესებთან. ამ შემთხვევაში იგულისხმება საბანკო სექტორი, რომელიც ბაზელის კომიტეტის წესებს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ბანკებისა და კრიპტოინდუსტრიის ურთიერთობაზე საკუთარი მოსაზრება ბაზელის კომიტეტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.
გაერთიანებული სამეფოს პარალელურად, კრიპტოინდუსტრიის რეგულირებისაკენ მიმართული ძვრები საქართველოშიც შეინიშნება, მაგრამ ამ ეტაპზე, რეგულირება არ მოიცავს პრუდენციულ ნაწილს და მომხმარებელთა უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის კონკრეტული ბუფერები და სარეზერვო ნორმები, ამ დროისთვის, გაწერილი არ არის.
როგორ დარეგულირდება ქართული კრიპტოინდუსტრია? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ