მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დარეგულირდება კრიპტოინდუსტრია? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

63e0cac80d4f5
გიორგი არონია
07.02.23 00:20
2033
სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმის, CoinATMRadar-ის ინფორმაციით, საქართველოში 111 კრიპტომატია, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე, გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და საფრანგეთში. ამ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში რიგით მე-12 სახელმწიფოა. აღნიშნული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ საქართველოში, კრიპტოტექნოლოგიები პოპულარულია. ამ დრომდე, ეს სფერო საქართველოში დაურეგულირებელი იყო, რაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს აჩენს, მაგრამ 2023 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოინდუსტრიის რეგულირება დაიწყო.

ყველაფერი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით დაიწყო, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. აღნიშნული დოკუმენტით, ოთხი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა, ესენია: ვირტუალური აქტივი, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი, ვირტუალური აქტივის მომსახურება და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი. ამგვარად, რეგულირება მოიცავს ციფრული აქტივების ოპერატორების ეროვნულბანკში რეგისტრაციას და მათ რეგულირებას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით, მაგრამ, როგორც BMG TV-სთვის გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე, რეგულირება არ მოიცავს პრუდენციულ ნაწილს და მომხმარებელთა უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის კონკრეტული ბუფერები და სარეზერვო ნორმები, ამ დროისთვის, გაწერილი არ არის.

კრიპტოინდუსტრიის რეგულირების მიზნების გამორკვევაში კანონის თაობაზე მომზადებული განმარტებითი ბარათი დაგვეხმარება. როგორც ირკვევა, რეგულირების მთავარი არსი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებისგან დაზღვევა წარმოადგენს, რომლებსაც, კანონპროექტების ავტორების შეფასებით, ვირტუალური აქტივების მეტად ანონიმური და კომპლექსური ბუნება წარმოშობს.

რეგულაციის არსში უკეთ გასარკვევად ამ პროცესის მთავარ აქტორს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მივმართეთ. როგორც სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ასანიძე ამბობს, რეგულირება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის, FATF-ის რეკომენდაციებს ეყრდნობა. ამასთანავე, კანონპროექტის შედგენისას, სებ-მა გაითვალისწინა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისწევრი სახელმწიფოებისა და სინგაპურის გამოცდილება.

„რეგულაციის მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ FATF-ის ორმოც რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამასთანავე, ბუნებრივია, თუ გარკვეული ტიპის ფინანსური სერვისი არ არის რეგულირებული, ეს გარკვეულ რისკებს აჩენს, რადგან, შეიძლება, სერვისი უკანონო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. Moneyval-ის მიერ საქართველო 2020 წელს შეფასდა და ძირითადი ხარვეზი და ნაკლოვანება, რომელიც ქვეყნის დონეზე დადგინდა იყო სწორედ ის, რომ ქვეყანაში ეს საქმიანობა არ რეგულირდებოდა“, - აღნიშნავს სოფო ასანიძე BMG TV-სთან საუბრისას.

საქართველოში ევროპული რეგულაციების შემოღებაზე საუბრობს კრიპტოსაკონსულტაციო კომპანიის, CryptoEthica-ს დამფუძნებელი და იურისტი ვახტანგ ჩხენკელი, რომლის თქმით, ევროკავშირთან ამ კუთხით ჰარმონიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სავარაუდო მიმართულება, რომელიც საქართველომაც უნდა აიღოს, არის მომავალი რეგულაცია კრიპტობაზრის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს და ევროკავშირის სრულ ტერიტორიაზე კრიპტობიზნესების საქმიანობას, კრიპტოვალუტების შემოთავაზებას და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ურთიერთობებს დაარეგულირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ბაზრის ზომის გათვალისწინებით. საქართველოში ისეთნაირად განსხვავებული რეგულაციის არსებობა, რომელიც ქართული კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გამორიცხავს - შეცდომა იქნება“, - აღნიშნავს ვახტანგ ჩხენკელი BMG TV-სთან საუბრისას.

ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კრიპტოინდუსტრიაში ნამდვილად არსებობს, მაგრამ საკამათო საკითხად რჩება ამ არალეგალური აქტივობების წილი საერთო ბრუნვაში. გაეროს ნარკოტიკებისა დაკრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში $800 მილიარდიდან $2 ტრილიონამდე ამერიკულო მოცულობის თანხა თეთრდება, რაც გლობალური მშპ-ს 5%-ს შეადგენს. შედარებისთვის მოვიყვანოთ ამერიკული ანალიტიკური ბლოკჩეინ-კომპანიის, Chainalysis-ის მონაცემები, რომელთა თანახმად 2021 წელს, გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში $8.6 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა გათეთრდა, რაც ბაზრის ჯამური ბრუნვის0.05%-ს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული რეგულაცია მინიმალურ სტანდარტს ეყრდნობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალია. გარკვეული სახელმწიფოების პოლიტიკას თუ გადავხედავთ, სადაც კრიპტოინდუსტრიის მიმართ მეტად დრაკონული კანონები არის შემოღებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული პაკეტი, რომელიც, ამ ეტაპზე, პრუდენციულ მექანიზმებს და მომხმარებელთა უფლებებს არ ითვალისწინებს, მართლაც მინიმალურად შემაფერხებლად შეიძლება ჩაითვალოს.

მინიმალური რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს კრიპტოინდუსტრიის კერძო ფრთის წარმომადგენელთა ნაწილიც. თუმცა, ამ შემთხვევაში, პოზიციები განსხვავებულია, რასაც, უმეტესწილად, კომპანიის ზომა და საბაზრო მდგომარეობა განაპირობებს. მარტივად რომ ვთქვათ, დიდი მოთამაშეები რეგულაციას მხარს უჭერენ, რადგან იმ პრინციპების უმეტესობა, რომელსაც ახალი რეგულაცია ითვალისწინებს, მათ შორის ტერორიზმის არდაფინანსების და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით, მათ ისედაც დანერგილი ჰქონდათ. რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს უმსხვილესი ქართული კრიპტობირჟის, eMoney/MyCoins-ის კომერციული დირექტორი ლუკა ლომსაძე, რომლის თქმით, ის აუცილებელია, როგორც ინდუსტრიის განვითარებისთვის, ასევე რეპუტაციის აღსადგენად.

„ის რეგულაციები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე კრიპტოსთან დაკავშირებით შემოდის, MyCoins-ის მსგავსი დიდი მოთამაშეებისთვის საკმაოდ დადებითია იმ მხრივ, რომ ისინი შემზღუდავ დეტალებს არ მოიცავს. ეს რეგულაციები, ძირითადად, კომპანიის მხარეს მოდის და ისინი ვალდებულნი ხდებიან მოახდინონ, როგორც საკუთარი მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ასევე ყველა იმ ტრანზაქციის მონიტორინგი, რომელთაც კლიენტი ახორციელებს. ამ ქმედებებით, ის შავი ლაქა, რომელიც კრიპტოინდუსტრიას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით აქვს, ჩამოირეცხება. საბოლოოდ, ქართული ბაზარი გაჯანსაღდება და აქ იქნებიან, როგორც უკვე არსებული მოთამაშეები, ასევე სხვა დიდი მოთამაშეები, რომლებიც დაინახავენ, რომ ქართული კრიპტობაზარი რეგულირებადია და შეძლებენ, აქ პრობლემების გარეშე შემოვიდნენ“, - ამბობს ლუკა ლომსაძე BMG TV-სთან საუბრისას.

ცხადია, რეგულაციების ფონზე კომპანიებისთვის დამატებით გარემოებების არსებობაზე ვკითხეთ საქართველოს ეროვნულ ბანკსაც. როგორც სოფიო ასანიძე ამბობს, კომპანიებს გარკვეული კონტროლის მექანიზმების დანერგვა მოუწევთ.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით კომპანიებს გარკვეული მექანიზმების შემუშავება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლა მოუწევთ. თუმცა, ეს დადებითად აისახება მათზე, რადგან სექტორის მიმართ სანდოობა გაიზრდება“, - ამბობს სოფო ასანიძე.

მსგავსი პოზიცია აქვს ლუკა ლომსაძესაც, რომლის თქმით, აღნიშნული რეგულაცია წინაღობებს მხოლოდ მცირე ზომის, ხშირად ხელზე მოვაჭრე კომპანიებს შეუქმნის.

„ვფიქრობ, რომ Binance-ისა და WhiteBit-ის მსგავსი დიდი მოთამაშეებისთვის 10000-ლარიანი მოსაკრებელი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს ბაზარზე შესვლის ერთგვარი ხარჯად აღიქმება - ეს არ არის ის თანხა, რომელიც ამ ზომის კომპანიებს პრობლემას შეუქმნის. თუმცა, ვფიქრობ, რომ პატარა კომპანიებს, მათ შორის ხელზე მოვაჭრეებსაც, რომლებიც საქართველოში უხვად გვხვდება, ეს რეგულაციები საკმაოდ დიდ სირთულეებს შეუქმნის, რადგან მათ არ აქვთ ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მყარი პლატფორმები, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკი მოითხოვს. მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტების ხელზე გაცვლა ასე მარტივად ვეღარ მოხდება“, - განაცხადა ლუკა ლომსაძემ.

თუმცა, ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა - რამდენად მოქნილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ჩარჩო. ამ მხრივ, საინტერესოა სამართლებრივი მექანიზმის არჩევის საკითხი, რომელიც, ვახტანგ ჩხენკელის შეფასებით, მარეგულირებელს ბაზარზე დაკვირვებისა და საჭიროებისამებრ, ლავირების საშუალებას მისცემს

„ვფიქრობ, რომ სამართლებრივი მექანიზმების არჩევა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა გადაწყვიტეს, რომელიც ცვლილებების შეტანას გულისხმობს არა კანონში, არამედ კანონქვემდებარე აქტში, მოტივირებულია იმით, რომ გაითვალისწინონ ის პრობლემები და უკუკავშირი, რომელიც ამ ინსტრუქციის ამოქმედების შემდეგ გაჩნდება და შემდეგ, გაჩნდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქართულ კრიპტოკომპანიებს ბაზარზე თავის დამკვიდრებასა და ოპერირებაში შეუწყობს ხელს. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ეს ინსტრუქცია მალევე გადაიქცეს კანონად და კომპანიებს ჰქონდეთ გარანტია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მიდგომა არ შეიცვლება“, - აღნიშნავს ვახტანგ ჩხენკელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალი ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს შევიდა, მაგრამ შესაბამისი წესების შემოღებისთვის, სებ-ს ვადა 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აქვს. სუბიექტები, რომლებიც ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას აწარმოებენ, ეროვნულ ბანკში აღნიშნული წესის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უნდა დარეგისტრირდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საქმიანობა უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები