მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება 2023 წელი კრიპტოინდუსტრიისთვის? - ლუკა ლომსაძის შეფასება

63bd6e45a93b5
გიორგი არონია
10.01.23 23:33
902
„2023 წელს კრიპტოინდუსტრიაში მრავალპროფილურ ცვლილებებს ველოდებით“, - ასე აფასებს მიმდინარე წელს MyCoins/eMoney-ის კომერციული დირექტორი, ლუკა ლომსაძე. მისივე თქმით, წელს მნიშვნელოვანი ძვრები იქნება NFT-ტექნოლოგიისა და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტების მიმართულებით.

„მიმდინარე წლის პირველი ორი კვირა კარგად მიმდინარეობს და კრიპტოვალუტების ფასმაც ნელ-ნელა ზრდა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. 2023 წელს კრიპტოინდუსტრიაში მრავალპროფილურ ცვლილებებს ველოდებით - შეიძლება, ისინი NFT-ის მიმართულით ვიხილოთ, შეიძლება ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ და შეიძლება იყოს რეგულაციებიც. ამასთანავე, შესაძლოა, ძალიან დიდი ჩართულობა იყოს CBDC-ის მხრივ, რაც სახელმწიფო დონეზე სტაბილური კრიპტოვალუტის, ე.წ. „სტეიბლკოინების“ შემოღებას გულისხმობს“, - განაცხადა ლუკა ლომსაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

უმსხვილესი ქართული კრიპტობირჟის კომერციული დირექტორი კრიპტოვალუტების ფასების ბოლოდროინდელ დინამიკასაც ეხმიანება - მისი თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია მუდმივია.

„ფასების ზრდას რაც შეეხება, ეს ტენდენცია მუდმივია. წლის დასაწყისში, მარტი-აპრილის თვეებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „ტაქსაციის“ პერიოდია, რომელიც კრიპტოვალუტების ფასებზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს. თუ გადავხედავთ გასულ პერიოდს და ბიტკოინის ფასს ავიღებთ მაგალითად, დავინახავთ ორ-სამ პერიოდს, როცა ბიტკოინის ფასი უმაღლეს ნიშნულზე ადის, ჩამოდის და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის. ვფიქრობ, ახლა სწორედ იმ ტენდენციაში ვართ, როცა ფასი დაკლებას დაიწყებს, მაგრამ, შესაძლოა, გარკვეულ დროს, დიდი აღმასვლა ვნახოთ“, - აღნიშნავს ლუკა ლომსაძე.

„საქმიანი დილის“ ეთერში ლუკა ლომსაძემ გასული წელიც შეაჯამა - მისი თქმით, 2022 წელი საკმაოდ რთული იყო, რაც კრიპტოინდუსტრიაში ჩართულ სუბიექტებს საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალებას მისცემს.

„2022 წელი საკმაოდ რთული იყო კრიპტოინდუსტრიისთვის და მასში ჩართული კომპანიებისთვის - მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში FTX-ის კრახი ვნახეთ, რასაც წინ უძღოდა ჩოინბასე-ის საკმაოდ დიდი შეცდომები, რომლებიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, განმეორდა კიდეც. 2022 წელს, კრიპტოსამყარომ ისეთი შეცდომები დაუშვა, რომლებზეც უნდა ისწავლოს და განვითარდეს, რომ 2023 წელი უკეთესი გამოვიდეს“, - განაცხადა ლუკა ლომსაძემ.

ცნობისთვის: დღევანდელი მდგომარეობით, გლობალური კრიპტოინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაცია $850 მილიარდს შეადგენს, მაშინ როცა 2021 წლის ნოემბერში, როცა ინდუსტრია პიკში იყო, ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $2.9 ტრილიონს აღემატებოდა.

იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები