მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიუსელში Euronews-ის მასპინძლობით სამიტი გაიმართება, რომელსაც უკრაინის, მოლდოვის ლიდერები დაესწრებიან, საქართველოსი - არა

ევროკავშირი

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად, დღეს, ბრიუსელში Euronews-ის მასპინძლობით სამიტი იგეგმება. როგორც ცნობილია, მას დაესწრებიან კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის, სერბეთის, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები, საქართველოსი კი - არა. ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან კი ცნობილია, რომ იქნებიან მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ასევე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.

სამიტი, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

"ყველაფერი მზადაა Euronews-ის გაფართოების სამიტის დღისთვის, რომელიც პირველი ასეთი ტიპის პირდაპირი ეთერით გადაცემული ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე საუბრისთვის", - იტყობინება Euronews-ი.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვასა და სერბეთის ლიდერები - მაია სანდუ და ალექსანდრ ვუჩიჩი და დასავლეთ ბალკანეთის სამი პრემიერ-მინისტრი: ალბანეთის ლიდერი ედი რამა, მონტენეგროს მთავრობის ხელმძღვანელი მილოიკო სპაიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი კრისტიან მიცკოსკი.

სამიტი Euronews-ის ინიციატივაა, რომელიც კანდიდატი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზებს პლატფორმას, რათა გამოთქვან საკუთარი პერსპექტივები გაფართოების გზაზე.

ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში გამოქვეყნდება. ანგარიში კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეხება, მათ შორის საქართველოსაც.

ანგარიში მედიისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არაა, თუმცა, "რადიო თავისუფლებამ" წინსწრებით მოიპოვა. გამოცემის ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან კიდევ უფრო შემცირდა და დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები