„ბრიუსელში სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს შანსებს. ეს სკეპტიციზმი განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო ერთი წლის მანძილზე“ – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა თამარ ხიდაშელმა ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკა"–ში ისაუბრა.
თამარ ხიდაშელის თქმით, „ერთ–ერთ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ შარშან ივნისიდან, როცა ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭეს, ვიდრე დღემდე, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“.
როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი „ანალიტიკა“–ს უყვება, შეხვედრებზე არაერთხელ გაისმა, რომ საქართველოს მართალია ჰყავს მეგობრები ევროკავშირის დედაქალაქებში, თუმცა ის ამ მეგობრებს ყოველდღიურად კარგავს: მეგობრების რიცხვი შემცირებულია, როგორც ევროპის პარლამენტში, ასევე ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ ბრიუსელში, შეხვედრებზე, ამის 5 მთავარი მიზეზი დასახელდა.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყება: „მე არ გამკვირვებია დემარში – დიპლომატიურ ეტიკეტში ეს არის უმძაფრესი ფორმა პროტესტის გამოხატვის – მაგრამ ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ისინი არიან შეშფოთებულები – არა მარტო იმედგაცრუებულები, არამედ შეშფოთებულები – რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებით და ისინი თვლიან, რომ ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი საქართველოს განზრახვასთან გახდეს ევროკავშირის წევრი“.
ლავროვის ქალიშვილის საქართველოში სტუმრობა: „ყველამ იცოდა და გვითხრეს, რომ საფრანგეთში ჰედლაინები იყო იმაზე, რომ ლავროვის ქალიშვილი საქართველოს სტუმრობდა და ირონიულად დასვეს კითხვა: თუ ლავროვის ქალიშვილს გააჩნია ადამიანის უფლებები და ის უნდა დაუშვა ქვეყნის ტერიტორიაზე – როგორც ერთ–ერთმა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა თქვა – მაშინ რატომ არ გააჩნიათ იგივე უფლებები რუს უფლებადამცველებს და დისიდენტებს, რომლებსაც საქართველო–რუსეთის საზღვრიდან უკან აბრუნებენ?“
უნგრეთში ვიზიტი: „ძალიან ბევრმა გვითხრა იმის შესახებ, რომ ისინი დიდი შეშფოთებით შეხვდნენ ღარიბაშვილის მონაწილეობას უნგრეთში გამართულ კონსერვატორული მოძრაობის სამიტზე. მათთვის ეს იყო ძალიან ცუდი გზავნილი“.
საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შეფერხება: „ჩვენ ასევე გვითხრეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა შეფერხებულია. მაგალითად, ერთ–ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ძირითადად ტექნიკური თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ – უყურებენ ამ კანონპროექტში რა ჩაიწერა და ა.შ. – გვითხრეს, რომ მოლდოვასგან განსხვავებით, რომელიც მუდმივად წინასწარ გვიზიარებს სამუშაო დოკუმენტებს, გვეკითხება რამდენად იქნება თანხვედრაში იმ პრიორიტეტებთან, რომლებიც დაგვიწესეს – საქართველოსთან ასეთი თანამშრომლობა არ არისო. ისინი იყვნენ გაოცებულები და შეშფოთებულები“.
ამ ნაწილში „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დაზუსტებაზე, უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება თანამშრომლობის შეფერხებაში – თამარ ხიდაშელმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა: „საერთო სასამართლოების ნაწილში ცვლილებების შეფასება გვთხოვეს, ჩვენ არ დავუმალეთ და ვუთხარით, რომ ეს ძირითადად კოსმეტიკური ცვლილებებია და სწორედ ამ კონტექსტში გვითხრეს, რომ გაოცებულები არიან, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს განსხვავებით მოლდოვასგან, რომელიც აბსოლუტურად გახსნილია თანამშრომლობისთვის“ – აღნიშნა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ‘ანალიტიკა’–სთან საუბარში.
ევროპარლამენტარების გაბრაზება: „რამდენიმე შეხვედრაზე – ძირითადად ევროპარლამენტარებთან გვითხრეს, რომ ისინი არიან უბრალოდ გაბრაზებულები იმით, თუ როგორ ხატავს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს – როგორც ინსტიტუტს, რომელსაც თითქოსდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, რაც სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირის მიზანთან, მის შექმნასთან“.
მიუხედავად ღიად გაცხადებული ამ მიზეზებისა, თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–ს მაყურებელს ეუბნება, რომ ბრიუსელიდან იმედგადაწურული არ ჩამოსულა. „გვითხრეს, რომ ხუთი თვე – სანამ ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს – ამ პროცესისთვის შესაძლოა საუკუნეც იყოს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს – ამბობს თამარ ხიდაშელი – მთავარია, ხელისუფლების მხრიდან მკაფიო ნების დემონსტრირება, რომ მათ ნამდვილად სურთ სტატუსის მიღება“.
„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – რამ უნდა მოატრიალოს ეს გზავნილები, რომ დღის წესრიგიდან მოხსნას ის მიზეზები, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ დაუგროვდა – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ევროკავშირში აფასებენ ქართველი ხალხის სურვილს, საქართველოს გახდეს ნატო–ს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ყველა შეხვედრაზე ჩვენ მათ ვახსენებდით მარტის აქციებს, როდესაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ევროპა მისი ეგზისტენციალური არჩევანია და ამისთვის ისინი მზად არიან, ქუჩაშიც გამოვიდნენ – არ გამოვლენ ქუჩაში სიღარიბისთვის, სოციალური პრობლემებისთვის, მაგრამ გამოვლენ ქუჩაში ევროპული არჩევანის დასაცავად“ – ამბობს თამარ ხიდაშელი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორს მიაჩნია, რომ დღეს ხალხი და სამოქალაქო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. „ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, მთელი პასუხისმგებლობა მასზეა და ამ პასუხისმგებლობას ის ვერავის გადააკისრებს“ – ასეთია თამარ ხიდაშელის პოზიცია.