მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბსუ-მ ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებს ₾40,000-ის დავალიანებისთვის სტატუსი შეუჩერა, $1.5 მლნ დავალიანების მქონე ინდოელ სტუდენტებს - არა

61d5fa81934a9
BM.GE
06.01.22 00:03
2461
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნივერსიტეტმა ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტების და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისადმი არათანაბარი დამოკიდებულება გამოიჩინა, როდესაც სამედიცინო მიმართულების 67 ქართულენოვან სტუდენტს ჯამში 40,000 ლარის დავალიანებების გამო 2015-2019 წლებში სტატუსი შეუჩერა, როდესაც ამავე პერიოდში ინგლისური პროგრამის მიმართულებით 500-მდე სტუდენტს, რომელთა დავალიანებებიც 1.5 მილიონ დოლარს აღწევდა, სტატუსი არ შეუჩერდათ. 

აუდიტის სამსახური წერს:

"უნივერსიტეტმა მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით, უცხო ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვის ხელშეწყობის და მათი შერჩევის ექსკლუზიური უფლებით − 2015 წელს, ოთხი წლის ვადით გააფორმა მემორანდუმი კომპანია GME CONSULTANTS-თან. მემორანდუმის თანახმად, კომპანია აპლიკანტებს აწვდიდა ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ, ასევე უზრუნველყოფდა მათ სავიზო-სააპლიკაციო ფორმებით და ეხმარებოდა სტუდენტებს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში; ამასთანავე, იღებდა პასუხისმგებლობას უნივერსიტეტში მოზიდული სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის დროულად გადახდაზე. მხარეებს შორის შეთანხმებით, კომპანია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სტუდენტისათვის 4,000 აშშ დოლარი, საიდანაც უნივერსიტეტისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 3,300 აშშ დოლარს, როგორც ერთი სასწავლო წლის საფასურს.

კომპანიას პირველსავე წელს წარმოეშვა ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ. 2017 წელს ურთიერთშეთანხმებით, უნივერსიტეტმა გააფორმა ახალი მემორანდუმი შპს „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუსთან“, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება შეესრულებინა კომპანია GME CONSULTANTS-ის ვალდებულებები. მემორანდუმების ფარგლებში 7 ნაკადად, ჩაირიცხა 628 სტუდენტი ინდოეთიდან. კომპანიების მხრიდან გადახდილია 244,075 აშშ დოლარი და 4,964,046 ლარი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება სტუდენტების მიხედვით. ორივე კომპანიის მიერ მოზიდულ სტუდენტთა სწავლის დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა, ხოლო კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხები არ იყო საკმარისი წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად, შედეგად 2019 წლის ბოლოს, 494 სტუდენტის დავალიანებამ 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, უნივერსიტეტისათვის ცნობილი იყო, რომ სტუდენტთა ნაწილი სწავლის საფასურს უხდიდა კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო თანხები გადაერიცხა სასწავლებლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მხრიდან ვალდებულებები არ სრულდებოდა, უნივერსიტეტმა არ გაატარა სათანადო ღონისძიებები, მათ შორის, დროულად არ დაიწყო მემორანდუმის შეწყვეტის პროცედურა. გარდა ამისა, მოქმედი რეგულაციით, დავალიანების არსებობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია, თუმცა უცხოელ სტუდენტებს სტატუსი არ შეჩერებიათ.

უნივერსიტეტმა იმავე ფაკულტეტის ქართულენოვან სექტორზე − „უმაღლესი განათლების ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“, 2015-2019 წლებში ფინანსური დავალიანების (39,486 ლარის) გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერა 67 სტუდენტს. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს კომპანიისა და უნივერსიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედებების განხორციელების რისკებს.

უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა მოზიდვის ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმის ეფექტიანი მართვა, არ იყო დაცული წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი. შედეგად, უცხოელ სტუდენტთა დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა და 2019 წლის ბოლოსათვის 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა მიმართ სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებულია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები.

რეკომენდაცია:

უნივერსიტეტმა დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის სწორად ადმინისტრირებას. კერძოდ, უნდა განისაზღვროს შესაბამისი წესები და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ამასთანავე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, უკვე არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების ინტერესები,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები