მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ფინანსები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ანგარიშგება აუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწება და დაუახლოვდება ევროპარლამენტის რეგულაციებს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იმ სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs).

"კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს აუდიტორული ფირმების (რომლებიც წარმოადგენენ მეოთხე კატეგორიის საწარმოს) წარდგენილი ანგარიშგებები, ასევე სამსახურის ვალდებულებაა შეიმუშაოს გამჭვირვალობის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი. აღნიშნული გაზრდის შესაბამის დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა დატვირთულობას, თუმცა აღნიშნული გამომდინარეობს სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებიდან და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება არსებული რესურსის ფარგლებში," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით დგინდება, რომ გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას. იცვლება სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვის ვადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები