ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვაო და საჰაერო გზით გადაადგილება ამ ქვეყნებიდან და ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს არ ეხება სახმელეთო საზღვრის კვეთას.
რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის ზონის წესები ქვეყნის ოთხ პორტსა და 17 აეროპორტზე გავრცელდება.
აღსანიშნია, რომ ამ გადაწყვეტილებას ბულგარეთი და რუმინეთი 13 წელი ელოდნენ. საბოლოოდ კი, შენგენის ზონის წევრობას მათ მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწიეს, ვინაიდან ავსტრიამ ვეტო დაადო სახმელეთო საზღვრებიდან შემოწმების გარეშე მიმოსვლას. ოფიციალური ვენა აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების მოხსნა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
„ეს ორივე ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა. ხოლო შენგენის ზონისთვის ისტორიული მომენტია. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ და უფრო ერთიან ევროპას ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გადაწყვეტილების შედეგად, შენგენის ზონა ახლა უკვე 29 ქვეყნისგან შედგება. მათ შორის 25 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, დანარჩენი ოთხი კი: შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინია.