ევროპულმა საბჭომ, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკომისიის ცნობით, 2024 წლის მარტში, მოსალოდნელია შენგენის ქვეყნების სასაზღვრო კონტროლის შეწყვეტა, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე ორ ქვეყანას შორის. ხოლო, მოლაპარაკებები იმავე კონტროლის შესაწყვეტად, სახმელეთო საზღვარზე 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
კომისიამ ასევე დასძინა, რომ გადაწყვეტილება ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში დაშვების შესახებ „ხელს შეუწყობს მოგზაურობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას, ასევე შიდა ბაზრის შემდგომ გაძლიერებას“.
- ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა. ოთხი წლის შემდეგ, 2011 წელს, ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შენგენის ზონის წევრობას აპირებდნენ.
- ევროკომისიამ 2022 წელს რეკომენდაცია გაუწია ორივე ქვეყნის შენგენის ზონაში შესვლის შესახებ, მაგრამ ავსტრია და ნიდერლანდები წინააღმდეგი იყვნენ . კერძოდ, ავსტრიაში შიშობდნენ, რომ არალეგალური მიგრანტების ნაკადი ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით გაიზრდებოდა. ნიდერლანდებმა კი აღნიშნა, რომ ბულგარეთს კანონის უზენაესობის გადაუჭრელი პრობლემები აქვს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია შენგენის ზონაში შესასვლელად.
- უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგებოდა ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას, მაგრამ 2023 წლის დეკემბერში საკუთარი პოზიცია შეცვალა მას შემდეგ რაც ოფიციალურმა სოფიამ, ბუდაპეშტის ზეწოლის ქვეშ, რუსული გაზის სატრანზიტო გადასახადი გააუქმა.
შენგენის ზონაში 27 ქვეყანაა გაერთიანებული, საიდანაც 23 ევროკავშირის წევრია. ეს ტერიტორია ძირითადად ფუნქციონირებს როგორც ერთიანი იურისდიქცია საერთაშორისო სამოგზაურო მიზნებისთვის, საერთო სავიზო პოლიტიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში შემავალ 27 ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლი გაუქმებულია.
საქართველო შენგენის ზონაში შემავალი ქვეყანა არ არის, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაუროს 90 დღის ვადით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.