ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში რესტორნები ფუნქციონირებას 28 თებერვლიდან განაახლებენ, მანამდე კი სექტორი ტრადიციულად „წაღების“ სერვისით განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის კოსტადინ ანგელოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს რესტორნების და კაფე-ბარების გახსნა განიხილება, მთავრობა არ გახსნის ღამის კლუბებს. რაც შეეხება იმ რესტორნებს, რომლებიც ოპერირებას განაახლებენ, საერთო სივრცის მხოლოდ 50%-ის დატვირთვა მოუწევთ, ასევე უნდა შეინარჩუნონ 1.5 მეტრიანი დისტანცია მომხმარებლებს შორის.
ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში 1 თებერვლიდან გარკვეული რეგულაციებით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები, სპორტული დარბაზები და ცეკვის სკოლები.
კერძოდ, უფროსი ასაკის თანმხლები პირის გარეშე სავაჭრო ცენტრებში სტუმრობას ვერ შეძლებენ 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ცეკვის სკოლები და მუსიკალური დაწესებულებები ფუნქიონირებას მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები გასული წლის ნოემბრიდან დაკეტილია.




























