მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნდესტაგმა "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ბუნდესტაგი

დღეს ბუნდესტაგმა "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოითხოვს, რომ არ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროგრესი, სანამ "რუსული კანონი" ძალაშია.

რეზოლუციის პროექტის „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ ავტორები "გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია" (SPD), "მწვანეები" და "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" (FDP) არიან.

რა წერია რეზოლუციაში?

რეზოლუციის ავტორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ კატეგორიულად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს. გერმანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ კურსით პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეგნებულად აყენებს საფრთხეს ქვეყნის მომავალს ევროკავშირში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილზეც არის ჩანაწერი და აღნიშნულია, რომ "ქართველი ოლიგარქის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლა დგას".

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია მოითხოვს, რომ არ მოხდეს შემდგომი პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ძალაშია კანონი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ ნაბიჯთან და სულისკვეთებით რუსული კანონის ანალოგია.

რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება LGBTQIA+ პირების უფლებების შემზღუდველი კანონის და „ოფშორების შესახებ“ კანონის გაუქმებაზე.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება არჩევანი საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში.

“ბუნდესტაგი მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონის გაწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამაც მოითხოვა.

ევროკავშირის დონეზე იმუშაოს, რომ მოუწოდოს [საქართველოს] ხელისუფლებას იმ კანონების გაწვევისკენ, რომლებიც მასიურად ზღუდავს LGBTQIA+ თემის წევრების უფლებებს და ეს გახდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის წინაპირობა.

ევროკავშირის დონეზე იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, საქართველოს მთავრობის მიმართ იყოს მოწოდება „ოფშორული კანონის“ გაუქმებისკენ, რომელმაც შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური გამჭვირვალობა და ბრძოლა კორუფციის და სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ”,- აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს. 5 პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეთანხმებული რეზოლუცია გუშინ გამართულ კენჭისყრაზე მიიღეს. მას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 73-მა მისცა ხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები