მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი გაზის ხარისხის და მრიცხველების მონიტორინგი არასრულყოფილია - აუდიტი

გაზი მილსადენი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, სხვა დარღვევებთან ერთად, ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის შეუსაბამობებზეა საუბარი.

უწყება წერს, რომ კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვის პროცედურები არ არის სრულად შესაბამისობაში ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ხარისხის დაცვის, გაზსადენი მილების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკებს წარმოშობს.

კომპანიაში შესაბამისი ინტენსივობით ხორციელდება ანალიზები ბუნებრივი გაზის პარამეტრების დასადგენად, როგორებიცაა, თბოუნარიანობა, სიმკვრივე და სხვ., თუმცა არ ხორციელდება ბუნებრივი გაზის ქვემოთ ჩამოთვლილი ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი და განსაზღვრა, რადგან კომპანია არ ფლობდა აღნიშნული პარამეტრების დასადგენად საჭირო მოწყობილობებს.

ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები:

  1. ჟანგბადის კონცენტრაცია;
  2. წყალბადის სულფიდის კონცენტრაცია;
  3. ნახშირწყალბადების ნამის წერტილის განსაზღვრა;
  4. მექანიკური მინარევების მასის კონცენტრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია უცხო ქვეყნებიდან ტრანსპორტირებული გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ; მნიშვნელოვანია კომპანიამ სრულყოფილად აწარმოოს სათანადო ანალიზი, რეალურად მოწოდებული გაზის ხარისხისა და შემადგენლობის დასადგენად.

ასევე, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არ არის უზრუნველყოფილი ტურბინული და როტაციული ტიპის მრიცხველების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში სრულად შემოწმება. აღნიშნული შესაძლოა ქმნიდეს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის არასწორად აღრიცხვის რისკებს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანაკარგებთან.

აუდიტის ცნობითვე, კომპანიის საქმიანობიდან მიღებულმა ამონაგებმა 2022 წელს შეადგინა 114,087,000 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ − 35,918,000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები