კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 1.3 მილიონ ერთეულს მიაღწია
2025 წლის იანვარში ელექტრომობილების (EV) გლობალურმა გაყიდვებმა 1.3 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-იანი ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დეკემბრის გაყიდვებთან შედარებით 35%-ით შემცირებულია, ექსპერტები ამ კლებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებენ და გრძელვადიან ტენდენციებზე ნეგატიურ გავლენას არ მოელიან. რაც შეეხება ცალკეულ რეგიონებს, ევროპაში EV ბაზარი მყარად იზრდება, გაყიდვებმა 250,000 ერთეულს მიაღწია, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 21%-იანი ზრდაა. გერმანია კი ევროპის წამყვან ბაზრად რჩება, სადაც EV-ების გაყიდვები 40%-ით გაიზარდა.
ჩინეთში იანვარში 700,000 ერთეული EV გაიყიდა, რაც 12%-იანი წლიური ზრდაა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 43%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ვარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან იანვარი და თებერვალი ჩინური ახალი წლის პერიოდია, რაც ავტომობილების ბაზარზე ჩვეულებრივ შემცირებას იწვევს.
მზარდია ელექტრომობილების გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც 130,000 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 22%-იანი ზრდაა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.
საქართველოში იანვარში ელექტრომობილების იმპორტი 120%-ით გაიზარდა 
მსოფლიო ტენდენციის დარად, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იანვარში 120%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 8,7 მლნ აშშ დოლარის 467 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში ელექტრომობილების იმპორტის მოცულობა 3,9 მლნ აშშ დოლარი და 189 ერთეული იყო, ხოლო 2023 წლის იანვარში კიდევ უფრო ნაკლები - 2,5 მლნ აშშ დოლარის 93 ელექტრომობილი შემოვიყვანეთ.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, პირველ ადგილზე აშშ-ია 338 ელექტრომობილით (4,9 მლნ აშშ დოლარი), მეორეზე - ბელგია (1,6 მლნ აშშ დოლარი, 40 ცალი), ხოლო ჩინეთი მესამეზეა 912 000 აშშ დოლარის ღირებულების 45 ელექტრომობილით. გასული წლის მონაცემებით კი, ელექტრომობილების საიმპორტო ქვეყნების ათეული შემდეგია:
- აშშ - 55,3 მლნ აშშ დოლარი - 3313 ელექტრომობილი
- ჩინეთი - 21,5 მლნ აშშ დოლარი - 841 ელექტრომობილი
- გერმანია - 13,3 მლნ აშშ დოლარი - 199 ელექტრომობილი
- იაპონია - 5,7 მლნ აშშ დოლარი - 840 ელექტრომობილი
- ბელგია - 2,6 მლნ აშშ დოლარი - 60 ელექტრომობილი
BYD მყარი ელემენტის EV ბატარეებს 2027 წელს გამოცდის
ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მა დაადასტურა, რომ 2027 წლისთვის მყარი ელემენტის (Solid-State) ბატარეების საჩვენებელ ტესტებს ჩაატარებს.
BYD-ის ბატარეების განყოფილების ტექნიკური დირექტორის, სუნ ჰუაჯუნის, განცხადებით, კომპანია 2027 წლიდან დაიწყებს მყარი ბატარეების "დემონსტრაციულ გამოყენებას", თუმცა მისი ფართომასშტაბიანი წარმოება სავარაუდოდ 2030 წლამდე არ განხორციელდება. როგორც BYD-ის ხელმძღვანელი ამბობს, ამჟამად ბატარეის წარმოების ხარჯები შედარებით მაღალია, მაგრამ დროთა განმავლობაში მყარი ბატარეების ფასი გათანაბრდება თხევად ელექტროლიტიან ბატარეებთან, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
მყარი ელემენტის ბატარეები მნიშვნელოვნად გაზრდილ ენერგიის სიმკვრივეს უზრუნველყოფს, რაც ელექტრომობილების სვლის მარაგისა და დამუხტვის სიჩქარის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
ამჟამად BYD მსოფლიოში ბატარეების წარმოებით მეორე ადგილზეა ჩინური CATL-ის შემდეგ. 2024 წელს BYD-მა 153.7 გიგავატ-საათის (GWh) მოცულობის ბატარეები დაამონტაჟა, რაც გლობალური ბაზრის 17.2%-ს შეადგენს. შედარებისთვის, CATL-ის წილი 37.9%-ს შეადგენს. BYD-ის გარდა, CATL, Honda, Toyota და Volkswagen-იც აქტიურად მუშაობენ მყარი ელემენტის ბატარეების ტექნოლოგიაზე.
Kia ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილს წარადგენს
Kia 27 თებერვალს ესპანეთში, ტარაგონაში, EV Day-ის ღონისძიებაზე თავის ყველაზე ბიუჯეტურ ელექტრომობილს წარადგენს. ღონისძიებაზე Kia სამ ახალ მოდელს აჩვენებს: EV2 კონცეპტს, სერიულ წარმოებაში გასასვლელ EV4 სედანს და ელექტრო კომერციულ ფურგონს – PV5-ს. Kia EV2 კონცეპტი ყველაზე მეტ ყურადღებას მიიპყრობს. იგი ევროპული ქალაქების მძღოლებისთვისაა შექმნილი და კონკურენციას გაუწევს Citroën C3-ს, Fiat Grande Panda-ს, Dacia Spring-ს და Hyundai Inster-ს. EV2-ის წარმოება Kia-ს სლოვაკეთის ქარხანაში დაიწყება 2025 წლის ბოლოს, ხოლო 2026 წლისთვის წლიურად 100,000 ერთეულის გამოშვება იგეგმება. თუმცა, ამ მოდელის აშშ-ში გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა.
Kia EV4 სედანის სერიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც, სავარაუდოდ, EV3-ის გვერდით აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება. მისი კონცეპტუალური ვერსია 2023 წლის ბოლოს კორეაში წარადგინეს, ხოლო სერიული მოდელი მის დიზაინს მაქსიმალურად მიუახლოვდება. EV4 წინაწამყვანი ან სრული ამძრავი სისტემით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ორი ტიპის ბატარეით: 58.3 kWh და 81.4 kWh. ასევე მოსალოდნელია ჰეჩბეკის ვერსიის გამოშვებაც.
იმ დროს, როცა ზოგიერთი ავტომწარმოებელი ელექტრომობილებში ინვესტიციებს ამცირებს, Hyundai Motor Group აგრძელებს ელექტრომობილების მიმართულებით წინსვლას. Kia-ს ახალი მოდელები აჩვენებს, რომ ბაზარი ძვირად ღირებული პრემიუმ EV-ებიდან უფრო ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ მოდელებზე გადადის – რაც ელექტრომობილებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
ბურკინა-ფასოში ეროვნული ელექტრომობილი შექმნეს
დასავლეთ აფრიკაში მდებარე ბურკინა-ფასო, რომელიც ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყანაა, უმეტესწილად, ოქროს ექსპორტით და მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობითაა ცნობილი. ამიერიდან კი, ბურკინა-ფასო გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე გამოჩნდება, რადგან ქვეყანამ ეროვნული ელექტრომობილი — ITAOUA შექმნა. როგორც აფრიკული კომპანიის ინჟინრები ამბობენ, ავტომობილი ნახევარ საათში იმუხტება და 330 კილომეტრს გადის. ამ დროისთვის, ITAOUA-მ SUV-ის ტიპის ორი ელექტრომობილი წარადგინა, Native-ი და Sahel-ი. კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს ავტომობილები, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ერთადერთი, რაც ოფიციალურად ვიცით ისაა, რომ ავტომობილები GPS-ით და Bluetooth-ით აღიჭურვა.
ბურკინა-ფასოში ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოების ამოქოქვა პირდაპირ უკავშირდება იმ მოთხოვნას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე ელექტრომობილების მიმართ არსებობს. EV-ების ბაზარი წლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება და პროგნოზს თუ დავუჯერებთ, 2029 წლისთვის $25.4 მილიარდამდე გაიზრდება. საავტომობილო ბრენდის შექმნით, ბურკინა-ფასოს ხელისუფლებას სურს, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით რეგიონულ ჰაბად იქცეს.





























