მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BuzzFeed-მა გადაცემა Hot Ones $82.5 მილიონად გაყიდა

Hot Ones

ამერიკულმა მედიაპლატფორმა BuzzFeed-მა, რომელიც პოპულარული ონლაინგადაცემის, Hot Ones-ის საავტორო უფლებებს ფლობს, პროექტის უკან მდგომი კომპანია First We Feast-ი გაყიდა. გარიგების ფარგლებში, რომელიც $82.5 მილიონად შეფასდა, კომპანია საინვესტიციო კონსორციუმმა შეიძინა, რომლის შემადგენლობაში ჯორჯ სოროსის ჰოლდინგურ კომპანიას, Hot Ones-ის წამყვანს, შონ ევანსს, First We Feast-ის დამფუძნებელს, კრის შონენბერგს და Mythical Entertainment-ს ვხვდებით, რომლის დამფუძნებლები ასევე იუთუბერები რეტ მაკლაფლინი და ლინკ ნილი არიან.

Hot Ones-ი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინგადაცემაა, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. გადაცემის ფორმატი საკმაოდ მარტივია — წამყვანი ცნობილ სახეებს სხვადასხვა ცხარე სოუსებით შეკაზმულ ქათმის ფრთებს სთავაზობს. სოუსები უფრო და უფრო ცხარდება, რაც ინტერვიუს მეტად საინტერესოს ხდის. First We Feast-ის არხს 14.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო ყველაზე პოპულარულ ინტერვიუს, რომელშიც სტუმრის რანგში შეფმზარეული გორდონ რემზი გვევლინება, 129 მილიონი ნახვა აქვს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Hot Ones-მა ერთგვარი სოციალური ფენომენი შექმნა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის დროს Hot Ones-ში გამოჩენა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისსაც სურდა, მაგრამ First We Feast-მა, როგორც ჩანს, პოლიტიკური კონტექსტის გამო უარი უთხრა. სხვადასხვა დროს, Hot Ones-ის სტუდიაში ბილი აილიში, შაკილ ო'ნილი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ლუის ჰამილტონი იყვნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Hot Ones-ი არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც First We Feast-ის გუნდი გვთავაზობს. დღეს, კომპანიის YouTube-ის არხზე შვიდ გადაცემას ვხვდებით და თითოეული მათგანი საკვებს უკავშირდება. ჯამში, First We Feast-ის არხზე 1,928 ვიდეო არის ატვირთული, რომელთა ნახვების ჯამური რაოდენობა 4.2 მილიარდის ტოლია. თავად არხი კი 2014 წლის მარტში დაფუძნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ონლაინკონტენტის გარდა, კომპანია სხვა შედარებით მცირე ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორის საფირმო ცხარე სოუსების წარმოებას.

წარმატებული ონლაინპროექტის გაყიდვა BuzzFeed-მა ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით გადაწყვიტა. მიმდინარე თვეში, BuzzFeed-მა $124 მილიონის ვალი უნდა დაფაროს და ამ თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ $88.8 მილიონი, რომელიც კომპანიამ First We Feast-ის გაყიდვით და კომპანიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის დაბრუნებით მოაბილიზა. BuzzFeed-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის IPO 2021 წლის მარტში შედგა, მაგრამ მას შემდეგ კომპანიის აქციები 91%-ით გაუფასურდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $135 მილიონამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები