ჩინურ ავტომწარმოებელ გიგანტ BYD-ისა და ტექნოლოგიურ სტარტაპ DeepSeek-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებში, BYD-ის ავტომობილებში უახლესი თაობის ხელოვნურ ინტელექტს ჩააშენებენ.
როგორც ცნობილია, AI და ავტომობილის მართვის ჭკვიანი სისტემა BYD-ისთვის ისეთივე საბაზისო ფუნქციონალად იქცევა, როგორც დღეს უსაფრთხოების ღვედი ან მონიტორია.
საწყის ეტაპზე, DeepSeek-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მძღოლის დამხმარე ასისტენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს და 24/7-ზე ავტომობილისა და მისი მგზავრების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.
BYD-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, DeepSeek-თან პარტნიორობის დაწყება სრულიად ავტონომიური სისტემის შექმნის მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელსაც მომავალში აუცილებლად მოჰყვება ავტოპილოტის დანერგვა.
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ BYD-ის ავტომობილებს ბაზარზე 2025 წლიდანვე შეხვდებით, თუმცა AI-ის ინტეგრაციის დონე დროსთან ერთად გაიზრდება. როგორც BYD-ში აცხადებენ, კომპანია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას არა ფასების შემცირებით, არამედ ისეთი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით გეგმავს, რომლის მსგავსი სხვა ავტომწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ BYD მსოფლიოში პირველი კომპანია იქნება, რომელსაც DeepSeek-ის ხელოვნურ ინტელექტთან ექნება წვდომა, რაც იმდენად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომ მისი გავრცელების ფონზე, კომპანიის საბაზრო შეფასება რეკორდულ 134 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
აქვე, ორიოდე სიტყვა DeepSeek-ის შესახებაც უნდა ვთქვათ, რომელიც ChatGPT-ის, Google Gemini-ის და Anthropic Claude-ის კონკურენტ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს და ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარულ AI-სტარტაპად ითვლება.
Build Your Dreams ანუ BYD ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს გაყიდვებით თავად ინდუსტრიის პიონერს, Tesla-ს გადაუსწრო.
BYD Auto ჩინეთში 2003 წელს გამოჩნდა და ის წლების განმავლობაში ბიუჯეტური, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული, 2008 წელს კი BYD-ში ინვესტირების გადაწყვეტილება მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ მიიღო. უორენ ბაფეტის განმარტებით, ჩინურ კომპანიაში ინვესტირების მთავარი მიზეზი მისი მარჯვენა ხელის და Berkshire-ის ვიცე-თავმჯდომარის, ცხონებული, ჩარლი მანგერის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანიას ზრდის უჩვეულოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი მანგერის პროგნოზი გამართლდა. რადგან BYD-ის შეფასება 10-წლიან პერიოდში თითქმის 1,000%-ით გაიზარდა, მისმა კაპიტალიზაციამ კი $134 მილიარდს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია უფრო ძვირადაა საფონდო ბირჟაზე შეფასებული, ვიდრე Ferrari, Mercedes-Benz, Porsche, Volkswagen და BMW.
აწ უკვე გარდაცვლილი ჩარლი მანგერის განცხადებით, BYD-ში ინვესტირება მისი კარიერის განმავლობაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ხოლო რაც შეეხება კონკურენტებს, მანგერი მიიჩნევდა, რომ ჩინეთის ბაზარზე BYD უკონკურენტო იყო, საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენის შემდეგ კი ის მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლად იქცეოდა.
BYD-ს მკვეთრი აღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური ელექტრომობილების ტექნიკური შესაძლებლობები, დიზაინი და ხელმისაწვდომობაა. BYD-ს პორტფელი თითქმის ყველა სეგმენტს ერგება, კომპანიას ჰყავს როგორც ბიუჯეტური, ასევე ულტა-პრემიუმ კლასის ელექტრომობილები და სუპერქარები.
5%-იანი წილით Berkshire-ი BYD-ს ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად რჩება, უორენ ბაფეტი კი მიიჩნევს, რომ ჩინური კომპანიის რეალური აღმასვლა სწორად ახლა იწყება.




























