მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CATL-ის ახალი EV-ბატარეა ხუთ წუთში იმუხტება — რა წარმოადგინა კომპანიამ შანხაიში?

CATL

ელექტრობატარებიის მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ჩინურმა CATL-მა შანხაის ავტოშოუზე რამდენიმე ინოვაცია წარმოადგინა. ჩინურმა კორპორაციამ შექმნა ელექტრობატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება და ავტომობილში მოთავსების შემდეგ, ელექტრომობილს 520-კილომეტრიან გასავლელ მანძილს აძლევს. თავად პლატფორმა 1,300-კილოვატიანია, მაგრამ დამუხტვის სიჩქარეს სიცივეშიც ინარჩუნებს, როცა ელექტრომობილების დამუხტვა გაცილებით რთულია. იმ გარემოში, სადაც ტემპერატურა -10°C-მდე ჩამოდის, ელექტრობატარეა 80%-მდე სულ რაღაც 15 წუთში იმუხტება.

აღნიშნული ბატარეით, CATL-ის გუნდი პირდაპირ კონკურენციაში შედის აგრეთვე ჩინურ BYD-სთან, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა პლატფორმა, რომელიც აგრეთვე ხუთ წუთში იმუხტება. Super e-Platform-ის მახასიათებლები ასეთია: 1000 ამპერი, 1000 კილოვატი და 1000 ვოლტი. თუკი თუკი BYD-ის ახალი ტექნოლოგია მართლაც ისე მუშაობს, როგორც ეს დაანონსებულია, ელექტრომობილების ინდუსტრია გარდატეხის წინაშე დგას.

ახალი ბატარეის გარდა, CATL-მა ნატრიუმ-იონურ ტექნოლოგიაზე დაშენებული ახალი ბატარეა, NAXTRA წარმოადგინა. როგორც ჩინურ კომპანიაში ამბობენ, ახალი ტექნოლოგია გამოიცადა, როგორც ექსტრემალურად ცხელ, ასევე ექსტრემალურად ცივ პირობებში და ის მზადაა კომერციალიზაციისთვის. ნატრიუმ-იონური ტექნოლოგია ლითიუმ-იონური ტექნოლოგიის გაუმჯობესებულ ვარიანტად ითვლება, რადგან ის უფრო იაფია, ხოლო ასეთ პლატფორმაზე დაშენებული მანქანები უფრო დიდხანს გადის და მალე იმუხტება. ასეთივე შედეგს აფიქსირებს CATL-ის NAXTRA, რომელიც 200-დან 500 კილომეტრამდე მანძილის გასვლის საშუალებას აძლევს.

შედარებით ბიუჯეტურ ბატარეასთან ერთად, შანხაის ავტოშოუზე CATL-მა ორმაგი ბატარეაც წარმოადგინა, რომელიც ერთი დამუხტვით 1,500-მდე კილომეტრს გადის. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს ტექნოლოგია დაახლოებით ისაა, რომელიც ორძრავიან თვითმფრინავებში არის გამოყენებული, ამიტომაც გამორიცხული არაა ამ ტიპის ბატარეები სატვირთო ავტომობილებში ვიხილოთ, რომლებიც განსაკუთრებით დიდ მანძილებს გადიან.

CATL-ის საბაზო კაპიტალიზაცია $138 მილიარდს აღემატება. ჩინური კონგლომერატის მთავარ კლიენტებს შორის არიან, როგორც ამერიკული Tesla და Ford-ი, ასევე გერმანული Volkswagen-ი, BMW და Mercedes-Benz-ი, იაპონური Toyota და Honda, კორეული Hyundai და რამდენიმე ჩინური ავტომწარმოებელი, მათ შორის Geely, NIO, Xpeng-ი და Li Auto. გასულ წელს, კომპანიამ $50 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $9.3 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები