მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრ. აზიაში საქართველოს გავლით ტრანზიტი მზარდია - MSC-ის შემოსავალმა 107 მლნ-ს გადააჭარბა

5f84928cafa80
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.20 21:29
2307
2019 წელს საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიასა და კავკასიის სხვა ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა - ამის შესახებ საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია MSC-ის ქართული შვილობილის ანგარიშიდან ირკვევა. “MSC საქართველო” ქვეყანაში საკონტეინერო გადაზიდვების ერთ-ერთი ლიდერია. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მათი შემოსავალი 39%-ით (35.5 მლნ ლარით) გაიზარდა და 107 მილიონ ლარს მიაღწია. 

“MSC საქართველო” იმპორტ-ექსპორტისა და სატრანზიტო სატვირთო ნაკადების მომსახურებით არის დაკავებული. 2019 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ეს ზრდა სწორედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიიის ქვეყნებში იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. 

კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, MSC-ის შემოსავლის უდიდესი ნაწილი პორტებში ტვირთების მომსახურების მიერ არის გენერირებული. კერძოდ, სატრემინალო მომსახურების შემოსავალი 85.9 მილიონი ლარი იყო. 

ჯამურად, 2019 წელს “MSC საქართველოს” წმინდა მოგება 27.8 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 7.1 მილიონი ლარით მეტია. 

“სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მშპ-ის ზრდის, 2016 წლიდან რეგიონის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების და გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, საქართველოს პორტებში დატვირთვა-გადმოცლის მთლიანი კონტეინერების მოცულობები (TEU*) 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 39.5%-ით გაიზარდა (2018 წელს 15%-იანი წლიური ზრდის შემდეგ). ეს, ძირითადად, გამოწვეული იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში იმპორტზე მოთხოვნის გაზრდით, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოს პორტების მეშვეობით ხდება; 

2019 წლის განმავლობაში „ემესსის“ მიერ საქართველოს პორტების გავლით გადაზიდული მთლიანი კონტეინერების (TEU) რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 

2019 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანის მიერ გატარებული კონტეინერების რაოდენობა 42.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად პორტებმა ჯამურად 647,816 ერთეული კონტეინერი გაატარეს. სამინისტროს თანახმად, თუკი 2020-2021 წლებში ზრდა შენარჩუნდებოდა, მაშინ უკვე 2021 წლისთვის საკონტეინერო მოცულობა ქვეყნის პორტების შესაძლებლობის 100%-ს მიაღწევდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, 2020 წელს საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 15.3%-ით იკლო და საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა იანვარ-აგვისტოს პერიოდში 338,284-ს შეადგენს. 

“MSC საქართველოს” აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანია ქართულ ბაზარზე 2009 წელს დაფუძნდა. მის 80%-იან წილს ფლობს შვეიცარიული კომპანია United Agencies Limited SA, ხოლო 20%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინვეკო“. 

“კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის „ემესსი მედითერანიან შიფინგ კომპანი“ (MSC Mediterranean Shipping Company SA), რომელიც შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიაა,”- ნათქვამია EY-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები