საკონტეინერო გადასახადი ფოთის პორტის შემდეგ, ბათუმის პორტშიც წესდება, რომელიც 29 თებერვლიდან ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შედეგად თითოეული დატვირთული კონტეინერი სახელმწიფოს მხრიდან 30 ლარით დაიბეგრება. ახალი გადასახადით მობილიზებული თანხები ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში);
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე.
მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300693195
გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
- სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
- უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;
- საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.