საქართველოს პორტებში ტარიფები მსოფლიოს რიგ საუკეთესო პორტთან შედარებით მაღალია - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც „შუა დერეფნის“ პოტენციალს ეხება.
კვლევის მიხედვით, 1500 TEU-ს ტევადობის გემის ფოთის საზღვაო ნავსადგურში შესვლის სანავსადგურო მოსაკრებლები და გადასახადები 38 000 დოლარია, რაც საშუალოდ, ერთი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის 97 დოლარს შეადგენს. ბათუმში ეს ფასი 32 300 დოლარია (80 დოლარი 40-ფუტიან კონტეინერზე). ასეთივე მოცულობის გემისთვის მოსაკრებლები და გადასახდელები როტერდამის პორტში 17 100 დოლარია.
კვლევაში წერია, რომ მაღალი ტვირთის გადამუშავების ტარიფებიც. მთლიანობაში 40-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში ჯამური საფასური ფოთში 275 დოლარია, ბათუმის პორტში - 430 დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს აქთაუს ან ბაქოს საერთაშორისო პორტის ტარიფებს, სადაც საფასური 148 დოლარია, ასევე ევროპული თუ აზიური პორტების ტარიფებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება და საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტიმულირება შეუძლია. კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ, კონტეინერის საპორტო ტარიფების შემცირება, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალია შავ ზღვაზე.
„ტარიფებს აქვს თავისი ობიექტური მიზეზი“, - ამის შესახებ "ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობების დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა
16 ნოემბერს „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა. მან დერეფნის მულტიმოდალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტვირთების გადაზიდვისას საქართველოზე გამავალ დერეფანში რამდენიმე სახის ოპერაცია სრულდება, რაც ტარიფებში აისახება, სწორედ ამიტომ მიდის მუშაობა გამჭოლი ტარიფების დაწესებაზე, რომლის საჭიროებაზე დერეფნის ყველა მონაწილე თანხმდება.
„მიდის საუბრები, მუშაობა გამჭოლი ტარიფების დაწესებაზე. აბსოლუტურად ყველა მხარე თანხმდება, რომ ერთიანი ტარიფი უნდა შევიმუშაოთ, რომ გადამზიდავს ცალ-ცალკე რამდენიმე უწყებასთან კონტაქტი არ მოუხდეს. ძირითადი შეთანხმება მიღწეულია, რომ ყველამ დადგინდეს ერთიანი გამჭოლი ტარიფი, რომელიც რეალურად იმუშავებს“, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.
კვლევაში მსოფლიო ბანკი განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მათ შორის:
○ ტრანსპორტის ფასების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაძლიერება;
○ ტვირთების გადაადგილების მიკვლევადობის უზრუნველყოფა რეალური დროის საინფორმაციო სისტემების საშუალებით.
○ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეუფერხებელი გადასვლის ხელშეწყობა, პროცესების გამარტივება როგორც რკინიგზის, ისე კასპიის ზღვის მარშრუტისთვის.
○ ტვირთის კონსოლიდაციის წახალისება და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ბალანსის გასაუმჯობესებლად, ლოგისტიკური ჰაბების შექმნის სტიმულირებით.
○ პორტი - რკინიგზა/საგზაო ოპერაციების გაზრდა და ნავიგაციის არხების ოპტიმიზაცია საერთო ეფექტიანობის ასამაღლებლად.
○ კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად კონტეინერის საპორტო ტარიფების შემცირება, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალია შავ ზღვაზე.
○ მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთის პუნქტში და საგზაო და საპორტო საერთაშორისო გადაზიდვების გაუმჯობესება სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიზნით