საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა - 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.
ამ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, თუკი ის 2022 წელს იქნებოდა ძალაში, მუნიციპალიტეტები 14 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებდნენ.
“იმ შემთხვევაში თუ შესაბამის მუნიციპალიტეტებს 2022 წელს ექნებოდათ წინამდებარე კანონის პროექტის ცვლილებებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ მათ მიერ დაწესებული იქნებოდა საკონტეინერო მოსაკრებელი არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით და თუ ისინი, კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოსაკრებელს დააწესებდნენ, ისინი ბიუჯეტში შეძლებდნენ დამატებით 14,312,820 (თოთხმეტი მილიონ სამას თორმეტი ათას რვაას ოცი) ლარის მიღებას. მომავალში შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების რაოდენობა დამოკიდებული იქნება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაზე და საკონტეინერო მოსაკრებლის მაქსიმალურ ოდენობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კონტეინერზე 30 ლარს,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საკონტეინერო მოსაკრებელი დღეის მდგომარეობით შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს.
საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300423195
გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
- სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
- უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;
- საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.