საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში CFD აუქციონების შედეგად დაგროვილი პროექტები უნდა გადაიხედოს - ამის შესახებ BMG-სთან „ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა საუბრობს. მისი თქმით, სისტემაში არსებული 15 000 - 17 000 მეგავატი სიმძლავრის პროექტების უდიდესი ნაწილი არარეალისტურია და ეგრეთ წოდებულ „ქაღალდის ინვესტორებს“ ეკუთვნით.
ამასთან, გიორგი მირცხულავა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მიდგომები უნდა გაამკაცროს და ბაზარზე მხოლოდ ის კომპანიები დატოვოს, რომლებსაც პროექტების განსახორციელებლად რეალური ფინანსური რესურსი გააჩნიათ.
როგორც მირცხულავა განმარტავს, დღეს გაცემული ლიცენზიების ჯამური მოცულობა აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის რეალობასა და ფინანსურ შესაძლებლობებს. მისი თქმით, ლიცენზიების მფლობელთა 80%-ს პროექტების განსახორციელებლად არც ფინანსები აქვს და არც გამოცდილება.
„ელემენტარულად, არითმეტიკაა, გაამრავლეთ რა ჯდება მეგავატი და შეხედეთ იმ ხალხის 80%-ს, ვისაც ეს ლიცენზიები აქვთ. ერთად აღებული, 25 მილიარდ დოლარზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ხშირ შემთხვევაში ფურცელი უკავია ადამიანს, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ერთი მანქანა გააჩნდეს, რითიც მოვიდა შეხვედრაზე. ვიღაცა „ქაღალდის ბიზნესში“ შედის - გაიმარჯვებს, აიღებს ქაღალდს და მერე ყიდის. ეს არ არის ახალი, მთელ მსოფლიოში ხდება და ბევრი ადამიანი ამაში ძალიან კარგ ფულს პოულობს, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი ეს არ არის. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ ელექტროენერგია მიიღოს, რაც შეიძლება სწრაფად,“ - ამბობს გიორგი მირცხულავა BMG-სთან.
მისივე შეფასებით, დაგროვებული 15 000-17 000 მეგავატიდან, რეალურად, მხოლოდ 5 000 მეგავატის უკან დგანან რეალურად განმახორციელებელი კომპანიები, დანარჩენები კი უბრალოდ, პროექტების გაყიდვას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, „ბემონის“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს პროექტების სწორი იდენტიფიცირება და გაცხრილვა.
მისივე განმარტებით, „ქაღალდის ინვესტორები“ სერიოზულ ტექნიკურ ბარიერებს ქმნიან ქსელთან მიერთების კუთხითაც და ბლოკავენ იმ კომპანიებს, რომლებსაც რეალურად სურთ სადგურების აშენება.
„მე თუ მაქვს რაღაც პროექტი პირობითად კახეთში, იმერეთში ან გურიაში, სადაც არის შესაბამისი გადამცემი ხაზი და ქვესადგური, და იქ ადგილი მაქვს დაბევებული ისე, რომ ფინანსური შესაძლებლობა არ გამაჩნია, ეს ადგილი 3 წელი ჩემზეა მომაგრებული. ამით რეალურ ინვესტორს იქ აღარ ეძლევა პროექტის განვითარების საშუალება. ინგლისური გამოთქმაა „Show me the money“ - ანუ, მაჩვენე ფული! სახელმწიფომ რეალურად უნდა უთხრას ამ ხალხს: მაჩვენე რომ ფული გაქვს, მაჩვენე რომ დღესვე იწყებ დაბანდებას და თუნდაც მხოლოდ კვლევაში დებ 5-6 მილიონს,“ - აცხადებს მირცხულავა.
მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიებისთვის გარკვეული პირობებით ჯარიმების ჩამოწერას გულისხმობს, „ბემონის“ მმართველი პარტნიორი დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს უნდა გახდეს ინსტრუმენტი ბაზრის გასაწმენდად.
„შანსი გეძლევა, რომ უმტკივნეულოდ გახვიდე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანების რაღაც ნაწილი ამას გამოიყენებს. ყველა ვერ მიხვდება - ზოგს შეგნება არ ეყოფა აღიაროს: „არ გამომივიდა, არ მაქვს 1-2 ან 10 მილიონი დოლარი, რომ ამ ბიზნესში დავაბანდო“. ვინც ამ შანსს არ გამოიყენებს, ის უნდა დაჯარიმდეს. ჩემი აზრით, კრიტერიუმები ძალიან მკაცრი უნდა იყოს - თუ ადამიანს არ აქვს ფული, რომ დღესვე დაიწყოს მუშაობა, მას პროექტი უნდა გაუუქმდეს".
კითხვაზე, ხედავს თუ არა შეცდომას სახელმწიფოს მხრიდან ამ მოცულობის CFD კონტრაქტების გაფორმებაში და არის თუ არა საჭირო ახალი აუქციონების გამოცხადება, გიორგი მირცხულავა პასუხობს, რომ პროცესს წინ უნდა უძღოდეს ბევრად უფრო სიღრმისეული ანალიზი.
„მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო დაშვებული. უნდა გაკეთებულიყო სიღრმისეული ანალიზი - რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება მომავალი 10 წლის განმავლობაში, რა დეფიციტი გვაქვს დღეს, რა და სად უნდა განვითარდეს. იგივე პრობლემების წინაშე დგანან სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთიც. განახლებადი ენერგია პოპულარულია, მაგრამ სისტემას ბალანსი სჭირდება. მხოლოდ ქარის ან მზის სადგურების განვითარება ჰიდროს გარეშე ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს ჰიდრო პოტენციალი და ამაზე უნდა დავაშენოთ მზე და ქარი. თუმცა, ვფიქრობ, კიდევ ერთი სწორი ნაბიჯია გადასადგმელი - მზის პროექტებს აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ დამაგროვებელი ბატარეების დამატება, რათა სისტემის მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი” - ამბობს გიორგი მირცხულავა.




























