საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საინვესტიციო თვალსაზრისით უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველად რჩება.
როგორც „საქმის კურსთან“ „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს“ (GREA) დამფუძნებელი ნინო აბსანძე განმარტავს ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ მსხვილი ინვესტორები, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აქცენტს არა მხოლოდ ცალკეულ საცხოვრებელ ფართებზე, არამედ ბინების პაკეტურ შესყიდვაზე აკეთებენ. ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ე.წ. „პრე-სეილის“ ეტაპზე, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს მაქსიმალური უკუგება მიიღონ.
„ძალიან დიდია დაინტერესება. ჩვენ გვყავს ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც ინტერესს გამოხატავს საწყის ეტაპზე ინვესტირების მიმართ, როდესაც ფასი ყველაზე მომხიბვლელია. ყიდულობენ პაკეტებად - 50 ბინას, 30 ბინას, რადგან მოკლე დროში შეიძლება 25-30%-იანი უკუგება მიიღონ, მაშინ როცა სხვა ბიზნესებში 7-8%-იანი უკუგებაც რთული მოსაპოვებელია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ახალი პროექტი ჩავუშვით გაზაფხულზე და 150 ბინა გაიყიდა ძალიან მალე, 2-3 თვეში. აქედან 50% სწორედ აი ასეთი ტიპის ტრანზაქციები იყო“, - ამბობს ნინო აბსანძე.
მისი თქმით, იმისა გამო რომ საქართველოში ალტერნატიული საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირეა, საქართველოში უძრავი ქონება რჩება ყველაზე ნაცად, გასაგებ და მოგებიან აქტივად. ამიტომ უძრავ ქონებას საინვესტიციო მიზნით უყურებენ საქართველოს მოქალაქეებიც.
„საქართველოში ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტები ნაკლებად განვითარებულია და ამიტომ მოქალაქეებს ყოველთვის ურჩევნიათ გააკეთონ ინვესტირება ხელშესახებ აქტივში, რომელიც ფიზიკურ პროდუქტად გარდაიქმნება. დიდია წილი უცხოეთიდან შესყიდვების უძრავი ქონების ბაზარზე და ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტულ ობიექტში განახორციელონ ინვესტირება. დიახ, საინვესტიციო მიზნით ყიდულობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რადგან დეპოზიტებზე მაღალი უკუგება ნამდვილად აქვს უძრავ ქონებაში ინვესტირებას“, - ამბობს ნინო აბსანძე.
შეგახსენებთ, Colliers-ის უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარმა როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ფასებისა და ბაზრის მოცულობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
კვლევის თანახმად, ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების 4 484 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.7%-ით მეტია. ამავე პერიოდში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 387.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც ბაზრის მოცულობა წლიურად 53.9%-ით გაიზარდა.




























