ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას აზრით, ენერგეტიკის მხარდამჭერი მექანიზმის ე.წ. „CFD აუქციონებში“ მონაწილეების 30-40% „ქაღალდის ინვესტორები“ არიან.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მირცხულავამ CFD მექანიზმის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც ორი აუქციონი გაიმართა, კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ “CFD-ს მექანიზმი რომ არ აღდგენილიყო, ენერგეტიკაში FDI 126 მილიონი დოლარიც არ იქნებოდა”, თუმცა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც ამ ინსტრუმენტის მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებს აქვთ.
კერძოდ, „ბემონის“ მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, ენერგეტიკული პროექტების დეველოპერებს აწუხებთ მეორე CFD აუქციონის შედეგად ჰიდროპროექტებისთვის განსაზღვრული ტარიფი - 1 მეგავატი - 6.5 ცენტი - რაც ინვესტორების შეფასებით, დაბალია და ამიტომაც გიორგი მირცხულავა ვარაუდობს, რომ CFD აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული კომპანიების 30-40% „ქაღალდის ინვესტორები“ არიან ანუ მომავალში, სავარაუდოდ, პროექტებს „გადაყიდიან“.
შეგახსენებთ, რომ პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. სწორედ PPA კონტრაქტების გაფორმების დროს ეკონომიკის სამინისტრო მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ მედიანურ ტარიფს ითვალისწინებს, რომელიც მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში 6,5 აშშ დოლარ ცენტია, ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6,0 აშშ დოლარ ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 აშშ დოლარ ცენტი.
„მე ვერ გეტყვით, რომ მესამე CFD აუქციონი იქნება თუ არა, მაგრამ მეორე აუქციონით მიღებული ტარიფი ინვესტორებისთვის არაა მიმზიდველი.
ენერგეტიკის სექტორში, ძალიან ბევრს, კომპანიების 30-40%-ს, ვინც მიიღო მონაწილეობა აუქციონებში, ალბათ „ქაღალდის ინვესტორებს“ დავარქმევდი. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც შედიან აუქციონებში თავისი პროექტებით, იგებენ და შემდეგ ცდილობენ, მოგებული პროექტები გადაყიდონ; ესეც ბიზნესია და ამაში არაფერი გასაკვირი არაა. როგორც ამბობენ, ყველაზე კარგი ბიზნესია, როცა შუამავალი ხარ; თუმცა პრობლემა ისაა, რომ შემდეგ ეს პროექტები დროში ცოტათი იჭედება. იმედს ვიტოვებ, „ქაღალდის ინვესტორები“ ნამდვილ ინვესტორს სწრაფად იპოვიან ან რაღაცნაირად მოხდება მათი განცალკევება რეალური ინვესტორებისგან და „ქაღალდის ინვესტორების“ მიერ მოგებული პროექტების გაუქმება და ხელახლა გამოტანა.
ვფიქრობ, სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს მემორანდუმის ვადებს, რომელიც აუქციონებში გამარჯვებულებთან ფორმდება“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
რაც შეეხება მეორე CFD აუქციონის შედეგად ჰიდროს მიმართულებით მიღებულ მედიანურ ტარიფს, რაც 6.5 ცენტია, „ბემონის“ მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ „ჰიდროსადგურების [ინვესტორები] ძალიან ნერვიულობენ CFD აუქციონის ტარიფის გამო, რადგან ის არაა მიმზიდველი“.
"ჩვენ კომპანიას ჰიდროს მიმართულებით ორი პროექტი აქვს - ერთს ვამთავრებთ, მეორე კი, წინა წლის მესამე კვარტალში დავიწყეთ და ვხედავთ, რომ ძალიან ნერვიულობენ დეველოპერები ტარიფის გამო, რადგან ტარიფია განმსაზღვრელი, რამდენად საინტერესო იქნება პროექტი ინვესტორებისთვის, ასევე ტარიფს აქცევენ ყურადღებას ბანკებიც [როცა კომპანიას კრედიტი სჭირდება]. ამდენად, რადგან ფიქსირებული ტარიფის შეთანხმება ხდება, მნიშვნელოვანია სწორი ტარიფი იყოს აღებული. მეტსაც გეტყვით, როცა ქარის და მზის სადგურების მშენებლობაზე არის მოთხოვნა და ჰიდროზე კი, ყოყმანია [ინვესტორების მხრიდან], ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ნიშანი, რომ რაღაცა გადასახედია.
მე არ ვარ დეველოპერი. ჩვენ ვაშენებთ ენერგოინფრასტრუქტურას, მაგრამ თუ დეველოპერები დაგვკლდება, ვერც ვერაფერს ავაშენებთ, ამიტომ ვნერვიულობთ“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ გამოწვევას სახელმწიფო მალე შეამჩნევს და რეაგირებაც დროული იქნება.




























