მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონში გამარჯვებული ჰესების ნაწილის მშენებლობა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ იწყება - ირაკლი ტყებუჩავა

ირაკლი ტყებუჩავა

ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის პირველ აუქციონში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი მშენებლობის ეტაპზე ჯერჯერობით არ გადასულა.

როგორც „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ენერგოობიექტების მშენებლობა დროში იწელება, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა და მათთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებია.

ირაკლი ტყებუჩავას ინფორმაციით, პირველ CFD აუქციონში გამარჯვებული პროექტებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამი ობიექტია სამშენებლო ეტაპზე გადასული, ჰესების ნაწილის გაჭიანურების მიზეზი კი სწორედ მოსახლეობის პროტესტია.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობა საკითხის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთოს და ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ზომები მიიღოს.

„ინვესტორებს პირდაპირ უწევთ მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მოსახლეობასთან, ფაქტობრივად კომპანიები მარტო არიან დატოვებულები მოსახლეობასთან. ეს სოციალური საკითხები ენერგოობიექტების, ჰესების მშენებლობას და განვითარებას ხელს უშლის. მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო კომპანიების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან სამშენებლო მემორანდუმი გაფორმებული. საბოლოო მემორანდუმის ხელმოსაწერად ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებია. ინვესტორები შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, თუმცა ხშირად ადგილობრივებისგან ისეთი არარეალური საკითხები ისმება, რომლის მოგვარებაც კომპანიისთვის შეუძლებელია და მას დიდ ფინანსურ ზარალზე გაიყვანს. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მთავრობა აქტიურად ჩაერთოს, ეს საკითხი რაიმე საკანონმდებლო რეგულაციით თუ დადგენილების სახით მოგვარდეს, რათა ქვეყანაში ჰესების მშენებლობას ხელი არ შეეშალოს", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის პირველი CFD აუქციონის შედეგები 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა. გამარჯვებულთა სიაში 24 საინვესტიციო პროექტი იყო, მათ შორის 14 ჰიდროელექტროსადგური, 2 ქარის ელექტროსადგური და 10 მზის სადგური.

ამასთან, სიმძლავრის მეორე აუქციონი 2024 წლის 16 თებერვალს დასრულდა, მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ.-ს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები