ენერგეტიკის დარგის ინვესტორების ნაწილის მოლოდინით, CFD სქემის მეორე აუქციონში მარეგულირებელი ჰესებისთვის საშუალო მედიანური ტარიფი შესაძლოა, 7 ცენტზე მაღალი იყოს.
როგორც „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, მსგავსი ტიპის ენერგოობიექტები შედარებით დიდი მოცულობის ინვესტიციებს საჭიროებს, შესაბამისად, მოლოდინია, რომ ტარიფიც მაღალი იქნება.
რაც შეეხება მოდინებაზე მყოფ ჰესებს, მისი თქმით, მაღალი კონკურენციის პირობებში, არაა გამორიცხული, რომ ტარიფი პირველ აუქციონში დაფიქსირებულ მედიანურ ტარიფზე, 6.85 ცენტზე დაბალიც იყოს.
„ჩემი აზრით, CFD სქემის მეორე აუქციონში ტარიფები გაიზრდება, რადგან აქ უკვე გათვალისწინებულია დიდი რეზერვუარების მქონე ჰესებიც. მსგავსი ტიპის ენერგოობიექტები გაცილებით უფრო კომპლექსურია და უფრო დიდ ინვესტიციასაც საჭიროებს, ვიდრე შედარებით პატარა, მოდინებაზე მყოფი ჰესები. შესაბამისად, შესაძლოა, რომ მათთვის მედიანური ტარიფი 7 ცენტზე მაღალიც იყოს. ზოგადად, მსგავსი ტიპის ჰესები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება მოდინებაზე მყოფ ჰესებს, რომლებიც პირველ აუქციონშიც იყო, ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და არაა გამორიცხული, ტარიფი უფრო დაბალიც იყოს, ვიდრე პირველ ჯერზე დაფიქსირდა“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის მეორე აუქციონი 16 თებერვალს დასრულდა და მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მეგავატს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება.