მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები, ლარის კურსი, საწვავის ფასი - ტურისტული კომპანიების გამოწვევები

60a616059c4f4
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 21:22
1001
პანდემიის გამო ყველაზე მეტად ტურიზმი დაზარალდა. ეს ყველაზე მეტად საგრძნობია იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათ შორისაა საქართველოც. მსოფლიო ამ სექტორის აღდგენას ვაქცინაციის გააქტიურების ფონზე ელის, გამონაკლისი ამ ნაწილში არც საქართველოა.

ტურისტულ კომპანია World Sightseeing Tbilisi-ში, რომელიც საქართველოში შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული და უცხოელ მოგზაურებს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის ტურებს სთავაზობს, სჯერათ, რომ 2021 წლის ზაფხული გადარჩენის პერიოდი იქნება. კომპანიის ხელმძღვანელი გერმანე ჭელიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით მაისიდან გაიზარდა და კომპანიის დატვირთვაც მზარდია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, WST-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიას რთულ პირობებში უწევს ოპერირების გაგრძელება. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ფასების გადახედვა და გაზრდა მოუწიათ, რადგან ქვეყანაში საწვავიც გაძვირდა.

„ჩვენი პროდუქტები ლარის კურსის და საწვავის ფასებიდან გამომდინარე 15-20%-ით გავაძვირეთ. საერთაშორისო ბრენდი ვართ და ტურისტები კურსის მიხედვით ხვდებიან, რომ მომსახურება ძვირდება. თუ საზღვარგარეთ ჩვენი ბრენდის ქვეშ მოძრავი ავტობუსებით სარგებლობის ღირებულება 17-18 ევროა, ეს თანხა ლარში კონვერტირებული ადრე 50 ლარი იყო, დღეისთვის კი 60 ლარი გახდა. ფასის ზრდის პარალელურად ვცდილობთ, მომხმარებელს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზოთ. რეგულაციების დაცვისა და კოვიდუსაფრთხო სერვისის მიწოდების ნაწილშიც ხარჯები გაიზარდა, თუმცა კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს გერმანე ჭელიძე.

WST-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დარგში მნიშვნელოვან პრობლემას კადრების გადინებაც წარმოადგენს. „ლოქდაუნის შემდეგ კომპანია 1 მარტიდან ამოქმედდა. თავიდან 3 ადამიანით დავიწყეთ მუშაობა და ახლა 32 ადამიანს ვასაქმებთ. დატვირთვის ზრდის პარალელურად, მოლოდინი გვაქვს, რომ დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება. თუმცა დღეს სექტორიდან კადრების გადინების პრობლემა გვაქვს, რადგან პანდემიის პერიოდში დაპაუზებული ტურიზმის გამო, ძალიან ბევრი კვალიფიციური პირი სექტორიდან წავიდა და სხვაგან დაიწყო მუშაობა. ამიტომ ახალი კადრების მოძიება დაგვჭირდება“, - განმარტავს ის.

სახმელეთო საზღვრების გახსნა კი ტურიზმის დარგის უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც აღდგენის პროცესში ინდუსტრიას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს. ამ პრობლემას ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელიც გამოყოფს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, რადგან ტურისტების 80% სწორედ ამ გზით შემოდიოდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან. ამასთან შორი მანძილიდან ჩამოსული ტურისტები რეგიონის ქვეყნებითაც ინტერესდებიან და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლის სურვილს გამოთქვამენ. ამიტომ მხოლოდ ფრენების გააქტიურება ტურისტულ ნაკადებს ძალიან ამცირებს. მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები ჩვენი მაცოცხლებელი ძალაა“, - უთხრა BM.GE-ს გერმანე ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები