"ბიუჯეტის დეფიციტი ინფლაციაზე გავლენას ახდენს სხვა თანაბარ პირობებში", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BM.GE-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, რომელიც საგარეო ვალებს და ბიუჯეტის დეფიციტს უკავშირდებოდა.
ჩვენ დავინტერესდით, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გამყარებაზე პანდემიის გამო საერთაშორისო დონორებისგან აღებული საგარეო ვალების ჩამორიცხვა და როგორ ხვდება ეს თანხები ბაზარზე, სებ-ი ყიდის თუ საგარეო ვალით ავსებს რეზერვებს და მთავრობას ლარს აწვდის? თავის მხრივ, ეს ყველაფერი ეს ინფლაციაზე წნეხს ზრდის თუ არა.
„იმ დახმარებიდან, რომელიც შემოდის საქართველოში უცხოური ვალუტის სახით და რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა, 2020 წელს, მისი განკუთვნილია ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად და ეს პირდაპირ ეროვნულ ბანკში მოდის. ნაწილი კი არის საბიუჯეტო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის საბიუჯეტო დახმარება, მთავრობის ანგარიშზე მიდის, ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ამ ვალუტას და ამის სანაცვლოდ [მთავრობას] ლარს ვაწვდით.
რა თქმა უნდა ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი და მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი ახდენს გავლენას ინფლაციაზე. რაც უფრო დაბალი იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, სხვა თანაბარ პირობებში უფრო ნაკლები გავლენა ექნება ამას ინფლაციაზე. მე ვამბობ სხვა თანაბარ პირობებში, რადგანაც ინფლაციაზე შეიძლება სხვა ფაქტორებიც მოქმედებდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
2022 წლის ბიუჯეტი 4.2%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, თუმცა პანდემიური კრიზისის გამო, როგორც 2021-ის ასევე 2020 წელს დეფიციტი განსაკუთრებულად მაღალი იყო. შარშან დეფიციტმა რეკორდულ 9.4%-ს მიაღწია, წელს კი 6.7%-მდე შემცირდა.