სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვის შესახებ ნებართვის მოპოვების განცხადება. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 2025 წლის რთველზე 40-50 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული განცხადების თანახმად, კომპანია ხელშეკრულებებს გააფორმებს კახეთის რვა რაიონში მდებარე 25-მდე ღვინის ქარხანასთან, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ჩაბარების პროცედურას.
"შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 40-50 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართველოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, რის გამოც შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება.
მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა) უზრუნველყოფა შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ახორციელებს კახეთის 8 რაიონში განაწილებულ 20-25 ქარხანაში, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს", - ნათქვამია შესყიდვის განცხადებაში.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.




























