ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მზის და ქარისელექტროსადგურების პროექტებზე მემორანდუმების გაფორმება დროებით შეაჩერა. მიზეზი სისტემის შეზღუდული გამტარუნარიანობა და სამინისტროს მიერშეთავაზებული პრიორიტეტულობის ახალი წესია.
„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია BMG-სთან ამბობს, რომ სახელმწიფო ცდილობს რიგითობა დააწესოს, თუ რომელი სადგური გაითიშოს ქსელიდან ენერგიის ჭარბი გამომუშავების დროს.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ მომენტისათვის მზის და ქარის ელექტროსადგურის პროექტებზე მემორანდუმების გაფორმება გაჩერებულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიმართვა იმაზე მეტია, ვიდრე სისტემას ინტეგრაცია შეუძლია. აქედან გამომდინარე, სამინისტრო შიშობს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება იმაზე მეტი ენერგია წარმოიშვას, რომ ჩვენ ამ ენერგიის აუთვისებლობის წინაშე დავდგეთ. ეს იქნება ჰესების შემთხვევაში წყლის დაღვრა, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში გათიშვა ან გამომუშავების დაწევა“.
მისივე თქმით, უთანხმოების მთავარი საგანი სამინისტროს მიერ შეთავაზებული სქემაა, რომელიც ენერგიის სიჭარბის შემთხვევაში სადგურების გათიშვის რიგითობას განსაზღვრავს.
„მათ მიერ შემოთავაზებული იყო პრიორიტეტულობა: თუ ქსელში გაჩნდება სიჭარბე, პირველ რიგში გაითიშოს ან შეუმცირდეს სიმძლავრე მზის ელექტროსადგურს, ამის შემდგომ ქარის სადგურს და ბოლოს ჰესებს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. არ მიგვაჩნია, რომ მზის ელექტროსადგური უნდა იყოს პირველი, რომელსაც გავთიშავთ. როდესაც ჩვენ CFD აუქციონში ვმონაწილეობდით და ზოგადად, ვინც სახელმწიფოს ენდო, ინვესტიცია გასწია, მიწა იყიდა და ა.შ., მათთვის არავის უთქვამს თავიდან, რომ პრიორიტეტულად მათ გათიშავდნენ. ასეთი რამ არ ყოფილა“, - ამბობს დარჯანია.
მისივე თქმით, დღეს სექტორში არსებობს ე.წ. „ჯენტლმენური შეთანხმება“, სადაც ყველა მხარე პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებს, თუმცა სახელმწიფო ამ ბალანსის დარღვევას ცდილობს.
„წარმოვიდგინოთ, რომ აშენდა მზის, ქარის სადგურები და ჰესები. გაზაფხულზე, როდესაც წყალდიდობაა, მზეც აქტიურია და ქარიც, გვაქვს იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე გვჭირდება. თუ ექსპორტზე ვერ გავიტანეთ, მოგვიწევს მისი „დაღვრა“. დღეს ყველა თანაბრად ვთიშავთ - არსებობს ასეთი ჯენტლმენური შეთანხმება ინვესტორებს შორის. მთავრობას კი მიდგომის შეცვლა უნდა, რომ ჯერ ჰესები აითვისოს, მერე ქარი და ბოლოს მზე. ამით არაპირდაპირ უნდათ, რომ ჰესებს მხარი დაუჭირონ, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ იქნება მათთვის მხარდაჭერის მექანიზმი“.
„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ წესების პოსტფაქტუმ ცვლილებააფრთხობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს.
„დღევანდელი გადამოსახედიდან მიმაჩნია, რომ ეს უსამართლოა იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც დღესვე ვეუბნებით: „თქვენ უპირატესად გაგთიშავთ“. ეს ნებისმიერი ინვესტორის მიმართ ძალიან ცუდი სიგნალია. გამოდის, რომ სახელმწიფო საინვესტიციო გარემოს და მოცულობას პოსტფაქტუმ ისე ცვლის, რომ ამით ინვესტორს ზარალი ადგება. სხვა ქვეყნებშიც აქვთ სიჭარბე, მაგრამ ზუსტად იმ გათიშვის პერიოდში აუთვისებელი ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო მაინც იხდის. ჩვენთან ამის გადახდა არ უნდათ“, - ამბობს თორნიკე დარჯანია და არ გამორიცხავს, რომ გაურკვევლობისა და მზარდი ხარჯების ფონზე, ბევრმა კომპანიამ საქართველოში პროექტებისგანხორციელებაზე საერთოდ უარი თქვას.
„ეს ყველაფერი დროში გვიანდება და ინვესტორის სასიკეთოდ არ ხდება. გვაქვს გაძვირება და ამით ინვესტორები ზარალდებიან. მე არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ინვესტორმა ინვესტიციის განხორციელებაზეც კი საერთოდ უარი თქვას. ეს საკითხი ძალიან ახალია, დაახლოებით ბოლო ორი-სამი დღის განვითარებაა. ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.




























